ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინას დამატებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას უგზავნის


ფოტო არქივიდან: ამერიკული სამხედრო დახმარება უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში.
ფოტო არქივიდან: ამერიკული სამხედრო დახმარება უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში.

შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის, რომლის ღირებულება 200 მილიონი ამერიკული დოლარია. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალებს, საარტილერიო ჭურვებს და დამატებით გასანაღმ აღჭურვილობას. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, დახმარება ასევე მოიცავს ჯავშანტექნიკას.

”რუსეთი ყოველდღიურად კლავს უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს და ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასევე, შიმშილს იყენებს, როგორც იარაღს და აღვივებს გლობალურ სასურსათო კრიზისს, უკრაინის სამოქალაქო პორტებისა და მარცვლეულის ინფრასტრუქტურის განადგურებით”, - თქვა ბლინკენმა თავის განცხადებაში.

ეს დახმარება, ამერიკის მიერ შეიარაღების შეფასებისას დაშვებული შეცდომით გამოთავისუფლებული თანხებიდან გამოიყოფა. პენაtგონმა, სააღრიცხვო არასწორი დათვლის შედეგად, უკრაინისთვის დახმარება 6,2 მილიარდი დოლარით მეტად შეაფასა.

მაისში, პენტაგონმა განაცხადა, რომ შეცდომით მიანიჭა რეალურზე მაღალი ღირებულება კიევში გაგზავნილ ამერიკულ იარაღს და მასში გაითვალისწინა ის თანხა, რაც ამ იარაღის ჩასანაცვლებლად იყო საჭირო. შედეგად, კიევი დამატებით დახმარებას მიიღებს.

"მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებულ შტატებს ახალი პაკეტისთვის. საბრძოლო მასალა "პატრიოტებისთვის", "ჰაიმარსებისთვის", არტილერია, ჯაველინები და სხვა. ეს არის ძალიან საჭირო რამ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ორშაბათს საღამოს ტრადიციულ მიმართვაში.

ვაშინგტონი ამჟამად დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნაზე მუშაობს, რათა გააგრძელოს კიევის დახმარება. კონგრესის მიერ ავტორიზებული საპრეზიდენტო ფონდიდან, 25,5 მილიარდიდან, ეს უკანასკნელი ტრანშია.

XS
SM
MD
LG