ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰანტერ ბაიდენის პროკურორებმა საპროცესო გარიგება უკან გაიწვიეს


სასამართლოში კვირას შეტანილი შუამდგომლობით, ჰანტერ ბაიდენის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურორებმა უარი თქვეს საპროცესო გარიგებაზე, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ არსებულ, საგადასახადო და იარაღთან დაკავშირებული ბრალდებების საკითხს გადაწყვეტდა. ეს იმ დროს ხდება, როდესაც მისი მამა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხელმეორედ არჩევისთვის ემზადება.

პარასკევს, დელავერის ფედერალურმა პროკურორებმა თქვეს, რომ საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შესაძლოა ჰანტერ ბაიდენს სასამართლოს წინაშე, სისხლის სამართლის საქმეზე წარდგომა მოუხდეს.

შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლე მარიელენ ნორეიკამ ივლისში უარყო შეთავაზებული საპროცესო გარიგება. ამასთან, გარიგების კანონიერების და ჰანტერ ბაიდენისთვის შეთავაზებული იმუნიტეტის ფარგლების შესახებ კითხვები წამოჭრა.

შეთავაზებული გეგმის მიხედვით, ჰანტერ ბაიდენს თავი დამნაშავედ უნდა ეღიარებინა გადაუხდელ საშემოსავლო გადასახადზე, რომელიც 2017 და 2018 წლებში მიღებულ 1,5 მილიონი დოლარის შემოსავალს ეხებოდა. ამასთან ერთად, ბრალდების მხარესთან, ცალკე შეთანხმებაში უნდა შესულიყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის საკითხზე.

ჰანტერ ბაიდენის საქმე პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი გახდა იმ დროს, როდესაც რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილმა, ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხი წამოწიეს მისი შვილის ბიზნეს გარიგებების გამო და ბრალს სდებენ იუსტიციის დეპარტამენტს, რომ მის შვილს „არაკეთილსინდისიერი გარიგება“ მისცეს.

შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა რესპუბლიკელების მიერ გამოთქმული ფავორიტიზმის ბრალდებები უარყო და პარასკევს, ფედერალურ პროკურორ დევიდ ვაისს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ არის დანიშნული და საქმეს 2019 წლიდან იძიებდა, საგანგებო პროკურორის სტატუსი მიანიჭა.

XS
SM
MD
LG