4 აგვისტოს, საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასული ღამის განმავლობაში, დრონით მომხდარმა თავდასხმამ რუსული სამხედრო გემი დააზიანა. ინციდენტი რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ბაზაზე, ქ. ნოვოროსიისკთან მოხდა.
სამოქალაქო პორტში, რომელიც მსოფლიოს ნავთობით მომარაგების 2%-ზეა პასუხისმგებელი და ასევე მარცვლეულის ექსპორტშიცაა ჩართული, გემების მიმოსვლა დროებით სრულად შეიზღუდა, სანამ ის ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდებოდა. ამის შესახებ "კასპიური მილსადენის კონსორციუმი" აცხადებს. კონსორციუმი იქ ნავთობტერმინალს მართავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინელთა მიერ საზღვაო დრონებით განხორციელებული თავდასხმა ბაზის მიღმა წყლებში მოიგერიეს და გაანადგურეს. ზიანი სამინისტროს არ უხსენებია.
უკრაინის დაზვერვის უწყებებში კი წყაროები ამბობენ, რომ "ოლენეგორსკი გორნიაკი", რუსული საზღვაო ხომალდი, რომლის ტიპიც როგორც წესი შეიარაღების, პერსონალის ან მძიმე ტექნიკის გადასატანად გამოიყენება, სერიოზულადაა დაზიანებული და საბრძოლო მისიების განხორციელებას ვერ შეძლებს. ეს კი სავარაუდოდ უკრაინის საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ოპერაციის შედეგად მოხდა.
ხომალდზე სავარაუდოდ 100-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა, როცა მას საზღვაო დრონით დაესხნენ თავს, რომელსაც 450 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა. თუმცა სხვა დეტალები ამ დრომდე არ დაზუსტებულა, არც მსხვერპლის შესახებ გავრცელებულა ინფორმაცია.
სხვა წყარომ, რომელიც პორტის ფუნქციონირების დეტალებს იცნობს, ამბობს, რომ გემს დაზიანების შემდეგ დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო და ის ნაპირამდე ბუქსირის მეშვეობით სხვა ხომალდმა მიიყვანა. თუმცა, "როიტერმა" დამოუკიდებლად ვერ შეძლო ზიანისა და მისი მასშტაბის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ თემაზე დასმული კითხვისთვის არ უპასუხია.
სოციალურ მედიაში კი ვრცელდება რამდენიმე ვიდეო, სადაც დაზიანებული გემი ჩანს. ჯერჯერობით არ დასტურდება, რამდენად შეესაბამება ვიდეოკადრები რეალობას.
რუსულ სოციალურ მედიაში კი მომხმარებლები წერენ, რომ ნოვოროსიისკის სიახლოვეს პარასკევს გათენებისას აფეთქებებისა და სროლის ხმა გაიგონეს.