მეოთხე დღეა რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინული საპორტო ქალაქი ოდესაა. ქალაქზე ბოლო, 24 საათის განმავლობაში, ახალი ინტენსიური საჰაერო შეტევა განხორციელდა. რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, კიევის მტკიცებით, ასობით ტონა მარცვლეული განადგურდა და პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
„სამწუხაროდ, ოდესის რეგიონში მარცვლეულის ტერმინალები დაზიანდა. მტრის იერიშების შედეგად, განადგურდა 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი“, - ამბობს რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი.
ოფიციალური ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის ახალი იერიშების დროს 2 ადამიანი დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ივარჯიშა „მცურავი სამიზნეების“ განადგურებასა და გემების დაკავებაზე. ვაშინგტონში მოსკოვის წარმომადგენელი ამბობს, რომ გემებზე თავდასხმის გეგმა არ არსებობს.
დასავლეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ცდილობს გლობალური სასურსათო კრიზისის მუქარით, იმ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს დააღწიოს თავი, რომლიც დასავლეთმა კრემლს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო დაუწესა.
უკრაინის ხელისუფლება ცდილობს ცალმხრივად გააგრძელოს თურქეთისა და გაეროს ჩართულობით მიღწეული მარცვლეულის შეთანხმება. შეთანხმებაში მონაწილეობა რუსეთმა კვირის დასაწყისში შეაჩერა. თუმცა, კრემლის იერიშები საპორტო ქალაქ ოდესაზე უკრაინის მცდელობას საფრთხეს უქმნის და უკრაინული მარცვლეულის საექსპორტო პროცესს ართულებს. კიევის განცხადებით, ბოლო ოთხ დღეში, რუსეთმა მიზანმიმართულად, მნიშვნელოვნად დააზიანა საპორტო ინფრასტრუქტურა.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ გაეროსთან ერთად იმუშავებს და მოლაპარაკებებს გამართავს ვლადიმირ პუტინთან. ერდოღანი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა შედეგს გამოიღებს და მოსკოვი შეთანხმებაში მონაწილეობას გააგრძელებს. ანკარას მიაჩნია, რომ თუ შეთანხმება არ აღდგება, ეს გამოიწვევს გლობალური ფასების ზრდას და მარცვლეულის დეფიციტს, რაც ავტომატურად მიგრაციის ახალ ტალღებს წარმოშობს. ერდოღანი ამბობს, რომ დასავლეთმა მოსკოვის პოზიციები უნდა გაითვალისწინოს.
რუსეთის მთავრობაში კი ამბობენ, რომ შეთანხმებაში დასაბრუნებლად, მათ მიერ წამოყენებული პირობები უნდა შესრულდეს.
კრემლის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დატოვებას წინ უსწრებდა ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმა. კრემლი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს. ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს უპასუხებდა.
Facebook Forum