ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყურანის დაგეგმილი დაწვის გამო, ერაყმა შვედეთის ელჩი ქვეყნიდან დაითხოვა


სტოკჰოლმში ყურანის დაგეგმილი დაწვის მიმართ პროტესტის ნიშნად, ერაყმა ხუთშაბათს შვედეთის ელჩი გააძევა. ყურანის დაწვის გეგმის გამო პროტესტის ასობით მონაწილე, ერაყის დედაქალაქში შვედეთის საელჩოს თავს დაესხა.

ერაყის მთავრობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბაღდადი შვედეთში თავისი საქმეების რწმუნებულს უკან იწვევს. ერაყის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ერაყმა ქვეყნის ტერიტორიაზე შვედური კომპანია „ერიქსონის“ მუშაობის ნებართვა შეაჩერა.

შვედეთში დემონსტრანტებმა პოლიციას მიმართეს და ერაყის საელჩოს წინ ყურანის დაწვის ნებართვა მიიღეს.

ღონისძიების დროს დემონსტრანტებმა წიხლი ურტყეს და ნაწილობრივ დააზიანეს წიგნი, რომელზეც ითქვა, რომ ყურანი იყო, თუმცა ერთი საათის შემდეგ ის ადგილი ცეცხლის წაკიდების გარეშე დატოვეს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა თქვა, რომ საელჩოს პერსონალი უსაფრთხოდ იყო, მაგრამ ერაყის ხელისუფლებამ ვენის კონვენციის შესაბამისად საელჩოს დაცვის საკუთარი ვალდებულება ვერ შეასრულა.

ერაყის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ შია ალ-სუდანის განცხადების თანახმად, ერაყის მთავრობამ შვედეთის საელჩოსთვის ცეცხლის მოკიდება მკაცრად დაგმო, ის უსაფრთხოების დარღვევად გამოაცხადა და დიპლომატიური მისიების დაცვის პირობა დადო.

მაგრამ ბაღდადმა ასევე „აცნობა შვედეთის მთავრობას... რომ შვედეთის მიწაზე წმიდა ყურანის დაწვასთან დაკავშირებული ნებისმიერი შემთხვევის განმეორება, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საჭიროებას წარმოშობს“.

XS
SM
MD
LG