რუსი ოპოზიციონერი და ვლადიმირ პუტინის ყველაზე აქტიური კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საპატიმროს ადმინისტრაციას იმის გამო უჩივის, რომ ყურანს არ აძლევენ. ნავალნი მოსკოვთან ახლოს, რუსეთის ყველაზე მკაცრ საპატიმროში იხდის სასჯელს.
ნავალნის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, პოლიტიკოსს სურს, რომ ციხეში ყოფნის დროს ყურანი და შესაბამისად, მუსულმანური რელიგია ღრმად შეისწავლოს. ამისთვის ის თავის ყურანს ითხოვს, რომელსაც ადმინისტრაცია არ აძლევს.
“ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩემი კოლონიის ადმინისტრაციას სასამრთლოში ყურანის გამო ვუჩივლდები. დიახ, დიახ, იმის გამო კი არა, რომ ექიმს არ უშვებენ, იმის გამო კი არა, რა პირობებში ვიმყოფები, არამედ მუსულმანების წმინდა წიგნის გამო“, - წერს ნავალნი.
პოლიტიკოსს ციხის ადმინისტრაციაში ეუბნებიან, რომ ყველა წიგნი, რომელიც გამოიწერა „ექსტრემიზმზე უნდა შემოწმდეს“ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მისი წაკითხვა. „უკვე ერთი თვეა ამ მოლაპარაკებებში ვარ... შიმშლობის მე-13 დღეს კი ძალიან ფილოსოფიურ განწყობაზე ვარ“, - წერია ნავალნის განცხადებაში.
ნავალნი მე-13 დღეა შიმშილობს. მასთან ერთად საპატიმროში მყოფთაგან ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს ტუბერკულოზის, სავარაუდო, დიაგნოზით. ცოტა ხანში 44 წლის ნავალნის თანამებრძოლებმა, მის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსს ჰქონდა "ძლიერი ხველა" და 38 გრადუსი სიცხე. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ნავალნი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მის პირად ექიმს ნავალნის მონახულებისა და გასინჯვის საშუალება არ მისცეს.
ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში, საბჭოთა ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის ის გერმანიაში რამდენიმე თვის განმავლობაში იყო. დაბრუნების შემდეგ, კი აეროპორტში დააპატიმრეს. სასამართლომ ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო პირობითი სასჯელის წესების დარღვევაში და მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვინაიდან ნავალნის, ამავე ბრალდებისთვის მანამდე მოხდილი აქვს სასჯელის ვადა, სასამართლოს მიერ დაწესებული განაჩენი შეუმცირდა და ის საპატიმროში, ჯამში, 2 წელსა და 8 თვეს გაატარებს.
ნავალნი თავის მოწამვლასა და მკვლელობის მცდელობაში, ასევე საქმის „შეკერვასა“ და დაპატიმრებაში ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებს. ოფიციალური კრემლი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს.
Facebook Forum