ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი ყურანის დაწვის აკრძალვას განიხილავს


შვედეთის მთავრობა ყურანის ან სხვა წმინდა წიგნების დაწვის არაკანონიერად ცნობას განიხილავს. ყურანის დაწვის ბოლოდროინდელმა შემთხვევებმა, შვედეთის უსაფრთხოება დააზიანა, თქვა იუსტიციის მინისტრმა გუნარ სტრომერმა შვედურ მედიასთან საუბარში.

გასულ კვირას, შვედეთში ერაყელმა იმიგრანტმა ყურანი სტოკჰოლმის მეჩეთის წინ დაწვა, რამაც მუსლიმური სამყაროს აღშფოთება და რომის პაპის მიერ მომხდარის დაგმობა გამოიწვია. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ ეს ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოებას აზიანებს.

პოლიციამ წლის დასაწყისში არ დაუშვა საპროტესტო აქციების გამართვა, რომლებიც ითვალისწინებდა ყურანის დაწვას, უსაფრთხოების მიზეზების გამო. თუმცა, შვედეთის სასამართლოებმა შემდეგ გააუქმეს პოლიციის გადაწყვეტილებები და განაცხადეს, რომ ქმედება დაცულია შვედეთის სიტყვის თავისუფლების კანონებით.

შვედეთის იუსტიციის მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მთავრობა აანალიზებს სიტუაციას და განიხილავს, საჭიროა თუ არა კანონის შეცვლა.

„ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, კარგია თუ არა არსებული წესები და გვაქვს თუ არა მისი გადახედვის საფუძველი“, - განუცხადა სტრომერმა მედიას.

მან დასძინა, რომ შვედეთი გახდა ტერორისტული თავდასხმების "პრიორიტეტული სამიზნე".

„ჩვენ ვხედავთ, რომ გასულ კვირას ყურანის დაწვამ საფრთხე შეუქმნა ჩვენს შიდა უსაფრთხოებას“, - თქვა მან.

ამ ინციდენტებს ასევე გავლენა აქვს შვედეთის ნატოში გაწევრიანების მცდელობაზე. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მისი ქვეყანას არ დაამტკიცებს შვედეთის განაცხადს, ყურანის დაწვის შეწყვეტამდე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG