ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ არის ევგენი პრიგოჟინი, „ვაგნერის“ მეთაური


„ვაგნერის“ დაქირავებულთა ჯგუფის უფროსმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის გადაყენების მიზნით, შაბათს რუსეთის ქალაქ დონის როსტოვზე კონტროლი დაამყარა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შეიარაღებული ამბოხებაა.

ზოგიერთი ფაქტი ბიზნესმენის და „ვაგნერის“ დამფუძნებლის შესახებ.

  • „საზოგადოებასთან ურთიერთობის ენერგიული უნარით, ბილწსიტყვაობით და ფრონტის ხაზებთან ხშირი ყოფნით, თავგადაპარსული პრიგოჟინი ომის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი სახეა. მან „ვაგნერში“ საბრძოლველად ათასობით პატიმარი მიიზიდა და სამხედრო გეგმებისა და საბრძოლო მასალების თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ღიად უპირისპირდებოდა.
  • 62 წლის პრიგოჟინი, მისი კომპანიის მიერ კრემლისთვის კერძების მომზადების კონტრაქტების ფლობის გამო, ათწლეულების განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც „პუტინის მზარეული“. ცნობილი არ არის, თუ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რამდენად მეგობრულ დამოკიდებულებაში არიან, მაგრამ ისინი ერთმანეთს იცნობენ და ორივე სანქტ-პეტერბურგში დაიბადა და გაიზარდა.
  • 1980-იანებში ხანგრძლივი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ, პრიგოჟინმა თავის მშობლიურ ქალაქში სოსისების გაყიდვა დაიწყო. მალე მან სუპერმარკეტების ქსელში წილი შეიძინა და საბოლოოდ საკუთარი რესტორანი და კერძების მოსამზადებელი კომპანია გახსნა.
  • მისმა რესტორანმა კარგი სამზარეულოს რეპუტაცია მოიპოვა და მალე ქალაქის წარჩინებული მოხელეების, მათ შორის იმ დროს მერის მოადგილე პუტინის გამასპინძლება დაიწყო.
  • ამ მომენტიდან, პრიგოჟინის კერძების მოსამზადებელმა კომპანია „კონკორდმა“ სამთავრობო მიწოდების კონტრაქტების მოგება დაიწყო და მისი საქმიანობა ბევრად უფრო დიდ დონეზე გავიდა.
  • გასულ სექტემბერში პრიგოჟინმა აღიარა, რომ კერძო სამხედრო კომპანია 2014 წელს დააფუძნა, იმ წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინისგან ყირიმი მიიერთა. ეს იყო მისი კავშირის პირველი საჯარო დადასტურება, რასაც ადრე უარყოფდა და ამის თაობაზე ცნობების გამოქვეყნებისთვის, ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლო სარჩელები შეჰქონდა. „ვაგნერის“ ჯგუფი, სხვა ქვეყნებთან ერთად, იბრძოდა ლიბიაში, სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში.
  • ჯგუფი ასევე ეხმარებოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, რომლებმაც 2014 წელს, უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის ნაწილები დაიპყრეს.
  • გასულ თვეში ჯგუფმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი ბახმუტი, ომის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლების შემდეგ აიღო. თუმცა შეტევის დროს, პრიგოჟინმა პუტინის მკაცრად კონტროლირებული პოლიტიკური სისტემის ტაბუ დაარღვია და მოსკოვის უმაღლეს სამხედრო პირებს ბილწი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა.
  • ამის შემდეგ მან ვიდეო მიმართვით კრემლს მადლობა გადაუხადა, თუმცა იმავდროულად მისი საყვარელი ტირადაც მიაყოლა: პუტინის უმაღლესი სამხედრო პირების, კერძოდ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს ველერი გერასიმოვის სავარაუდო გამცემლობის შესახებ.
  • პრიგოჟინის 5 მაისის ყველაზე დასამახსოვრებელ ვიდეოში, მან აჩვენა „ვაგნერის“ დახოცილი დაქირავებული მებრძოლებით მოფენილი ველი, რომლებიც, მისი თქმით, საბრძოლო მასალის არარსებობის გამო დაიღუპნენ, რაც სავარაუდოდ შოიგუმ და გერასიმოვმა გამოიწვიეს.
  • შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, „ვაგნერთან“ დაკავშირებული როლის გამო, პრიგოჟინს სანქციები დაუწესეს. მას ასევე დასდეს ბრალი ტროლების ფაბრიკის დაფინანსებაში, რომელიც „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ სახელითაა ცნობილი და ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG