13 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ კადრებში ასახულია გერმანიაში დამზადებული "ლეოპარდის" ტანკები და ამერიკული "ბრედლის" საბრძოლო მანქანები. მოსკოვის განცხადებით, ეს ტექნიკა მათ ხელში უკრაინის ძალებთან ბრძოლის დროს ჩაიგდეს.
"როიტერს" ვიდეოს გადაღების ადგილის და თარიღის დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება არ ჰქონია. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო ამბობს, რომ ვიდეოს კადრებში ნამდვილად გერმანული "ლეოპარდი" და ამერიკული "ბრედლი" ჩანს. ვიდეო "საბრძოლო მონაპოვარი" რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ტელეგრამზე" გამოაქვეყნა და მასზე 2 "ლეოპარდი" და 2 "ბრედლია" ასახული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ დასავლური საბრძოლო მანქანები უკრაინის სამხრეთში, ზაპორიჟიის ფრონტზე ჩაიგდეს ხელში. ეს ერთ-ერთი ის მიმართულებათაგანია, სადაც კიევი კონტრიერიშზე გადასვლას ცდილობს.
ვიდეოს მცირე ზომის ანოტაციაში სამინისტრო ამბობს, რომ საბრძოლო ტექნიკას ინსპექტირებას "ვოსტოკის" (აღმოსავლეთის) სამხედრო ქვედანაყოფი უტარებს. მათი თქმით, ზოგიერთი მანქანის ძრავი ჯერ კიდევ ჩართულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინელებმა ისინი სიჩქარეში დატოვეს.
რუსეთის აღნიშნული განცხადებების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
უკრაინა აცხადებს, რომ კვირას დაიბრუნა რამდენიმე სოფელი, რომლებიც რუსეთს ჰქონდა დაპყრობილი. კიევი ასევე საუბრობს ბოლო კვირის განმავლობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე დაახლოებით 100-კილომეტრიან დაწინაურებაზე.
Facebook Forum