ორშაბათს უკრაინამ განაცხადა, რომ მისმა ჯარმა სამხრეთ-აღმოსავლეთში, რუსული ძალებისგან მეოთხე სოფელი გაათავისუფლა. ეს განცხადება, კონტრიერიშის დაწყებიდან პირველი მცირე წარმატებების შესახებ ცნობების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გაკეთდა.
სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის მოსკოვის ოკუპაციისგან გათავისუფლება, იმის გათვალისწინებით რომ რუსეთს ცოცხალი ძალის რიცხვში, ამუნიციაში და საჰაერო ძალაში უპირატესობა აქვს და თავდაცვის სიმაგრეების ასაშენებლად მრავალი თვე ჰქონდა, რთული ამოცანაა.
კვირას კიევმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სამი სოფელი გაათავისუფლა -ბლაჰოდატნე, ნესკუჩნე და მაკარივკა. ორშაბათს გავრცელებულ ვიდეოში ჩანდნენ ჯარისკაცები, რომლებსაც მეზობელ სტოროჟევეში უკრაინის დროშა ეკავათ. სააგენტო „როიტერმა“ ვიდეოში აღბეჭდილი ადგილმდებარეობის დადასტურება შეძლო.
თავდაცვის მინისტრმა საზღვაო ქვეითთა 35-ე ცალკეულ ბრიგადას სოფელზე კონტროლის დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
უკრაინის ძალების წინსვლა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ხუთი კილომეტრით განისაზღვრება და აზოვის ზღვის სანაპირომდე დაახლოებით 90 კილომეტრი რჩება. ზღვის სანაპირომდე მიღწევა შუალედური გამარჯვება იქნება, რომელიც რუსეთს ყირიმისკენ „სახმელეთო ხიდს“ გადაუკეტავს.
ნათელია, რომ პირველ მცირე შეტაკებებზე დაყრდნობით კონტრიერიშის ბედის შესახებ დასკვნების გაკეთება ძალიან ნაადრევია. შესაძლოა ეს უფრო რუსული დაცვის ხაზების გამოცდაა და არა დიდი იერიში.
ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა სარდალმა ბენ ჰოჯესმა დაწერა, რომ როდესაც მთავარი იერიში დაიწყება, რამდენიმე ასეული ტანკის და ქვეითთა საბრძოლო მანქანის ჩართულობას უნდა ველოდეთ.
მისივე თქმით, უკრაინამ იცის, რომ ზაფხულის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი უნდა აჩვენოს, რათა დასავლეთის მხრიდან სამხედრო, ფინანსური და მორალური მხარდაჭერის იგივე დონე შეინარჩუნოს.