ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ბოლო გემმა დატოვა, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ბედი რუსეთის ხელშია


ბოსფორის სრუტეში შავი ზღვის ინიციატივაში მონაწილე სატვირთო გემები ინსპექციას ელიან. 11 დეკემბერი, 2022 წ. სტამბოლი, თურქეთი.
ბოსფორის სრუტეში შავი ზღვის ინიციატივაში მონაწილე სატვირთო გემები ინსპექციას ელიან. 11 დეკემბერი, 2022 წ. სტამბოლი, თურქეთი.

17 მარტს, უკრაინის პორტიდან საექსპორტო მარცვლეულით დატვირთული ბოლო გემი გავიდა. შავი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი შეთანხმების ბედი, რომლის საფუძველზეც სატვირთო გემებს ღარიბი ქვეყნებისთვის კრიტიკული საჭიროების მქონე პროდუქტები უსაფრთხოდ გადაჰქონდა, ახლა მთლიანად კრემლის ხელში რჩება.

გემმა "დი-ეს-ემ კაპელა" (DSM Capella) ჩერნომორსკის პორტი დატოვა და გეზი თურქეთის მიმართულებით აიღო. გემი 30 000 ტონა სიმინდის მარცვლით არის დატვირთული. ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.

გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვმა შავი ზღვის მხრიდან მარცვლეულის და სასუქის ექსპორტი დაბლოკა. გაეროს და თურქეთის ინიციატივით, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, პირველადი შეთანხმება გასული წლის ივლისში გაფორმდა. ის ნოემბერში 120 დღის ვადით გახანგრძლივდა, შემდეგ კი მარტში - 60 დღით. 18 მაისს შეთანხმებას ბოლო ვადა ეწურება.

ვინაიდან უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის და მინერალური სასუქების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია, მოლაპარაკების მიზანი გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილება იყო. იმისთვის, რომ რუსეთი შეთანხმებაზე წასულიყო, გაერო მოსკოვს დაპირდა, რომ მას საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში 3 წლის მანძილზე დაეხმარება.

ამ საკითხზე რუსეთმა განცხადება ბოლოს სამშაბათს, 16 მაისს გააკეთა. "ხელშეკრულების ამ ნაწილში ჩვენთვის ჯერ კიდევ ბევრი კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი. ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ" - უთხრა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. ინფორმაციას რუსეთის მედია ავრცელებს.

შავი ზღვის პაქტის გახანგრძლივების მიზნით, რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლები გასულ კვირას სტამბოლში შეიკრიბნენ. გაეროს პრესსპიკერის, სტეფან დუჯარიკის თქმით, "კონტაქტები სხვადასხვა დონეზე მყარდება. [მოლაპარაკების] აშკარად დელიკატურ ეტაპზე ვართ". თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ხელშეკრულება შესაძლოა კიდევ 2 თვით გახანგრძლივდეს.

2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების გამო, მოსკოვზე დაწესებული სანქციები არ შეხებია რუსეთიდან სურსათის და მინერალური სასუქის ექსპორტს. თუმცა, კრემლი აცხადებს, რომ მათი ტვირთების გადაზიდვას საგადასახადო, ლოგისტიკური და სადაზღვევო პრობლემები აფერხებს.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი მოსკოვის პრეტენზიებს უარყოფს. ელჩის მიერ გასულ კვირაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსეთიდან "მარცვლეულის და სასუქის ექსპორტი თუ უფრო მაღალ დონეზე არა, იგივე დონეზე გრძელდება, სრულმასშტაბიან თავდასხმამდე პერიოდთან შედარებით".

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG