კრემლში ამბობენ, რომ გაეროს შუამავლობით მიღწეულ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას, კარგი პერსპექტივა არ აქვს. მოსკოვის განმარტებით, არ შესრულდა პირობა იმაზე, რომ რუს სოფლის მეურნეობისა და სასუქების ექსპორტის კომპანიებს შეზღუდვები მოეხსნებოდათ.
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების სახელით ცნობილი მოლაპარაკება უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. მიზეზი ის იყო, რომ რუსეთი არ აძლევდა საშუალებას უკრაინულ მხარეს, მარცვლეულით სავსე ხომალდები რუსეთის მიერ ოკუპირებული პორტებიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გაეშვა. ომის გამო, უკრაინა ვერ ახერხებდა მარცვლეულის ექპორტს, რამაც გავლენა მოახდინა აფრიკაზე, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა იმ რეგიონებზე, სადაც უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია.
შეთანხმებას უკრაინამ და რუსეთმა თურქეთისა და გაეროს მეშვეობით ივლისში მიაღწიეს. ის ორჯერ განახლდა. თუმცა, ამ შეთანხმებას რუსეთი ვაჭრობის იარაღად იყენებდა და მუდმივად იმუქრებოდა, რომ მას აღარ გააგძელებდა.
მიუხედავად გაეროს მცდელობისა, დაეკმაყოფილებინა რუსეთის მოთხოვნების ნაწილი, კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ახლანდელი შეთანხმება მოსკოვისთვის დადებითად არ მუშაობს.
"ვერცერთი შეთანხმება ვერ იდგება ცალ ფეხზე, ორ ფეხზე უნდა იდგეს",- უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს. "ამ მიმართულებითა და დღევანდელი თამაშის წესების გათვალისწინებით, სამომავლოდ [მოლაპარაკების] გაგრძელების შანსები, არც ისე კარგია",- დაამატა კრემლის პრესსპიკერმა.
რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელი და მთავარი მოთამაშეები არიან ხორბლის, ქერის, სიმინდის, რაფსის, რაფსის ზეთის, მზესუმზირის თესლისა და მზესუმზირის ზეთის ბაზრებზე. რუსეთი ასევე დომინანტია სასუქების ბაზარზე.