რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, რომ ბელარუსში რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, განცხადება გააკეთა ალექსანდრე ლუკაშენკომაც. ბელარუსის პრეზიდენტი და პუტინის მოკავშირე ამბობს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების თაობაზე მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია. შეიარაღება ბელარუსს ესაჭიროება, რადგან მისი აზრით, მეზობელი პოლონეთი ბელარუსში შეჭრას გეგმავს.
პარასკევს, 31 მარტს, ლუკაშენკომ საკითხზე ვრცლად პარლამენტისა და მთავრობის წინაშე ყოველწლიური გამოსვლის დროს ისაუბრა. მან თქვა, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება ბელარუსის „დაცვაში“ დახმარება იქნება, რადგან მინსკი დასავლეთის საფრთხის ქვეშ იმყოფება.
„მე არასდროს მომიტყუებიხართ. ისინი ემზადებიან ბელარუსში შემოჭრისთვის და ჩვენი ქვეყნის დანგრევა აქვთ განზრახული,“- თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ბირთვული იარაღის გადატანასა და განთავსებაზე, გასულ კვირას განაცხადა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა ბელარუსში მოხდებოდა. ეს პირველი შემთხვევაა 1991 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა რუსეთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გეგმებზე საუბრობს.
კიდევ უფრო შორს წავიდა ლუკაშენკო, რომელიც ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება, ის და პუტინი გადაწყვეტენ, თუ რას განათავსებენ ბელარუსში. ეს შეიძლება იყოს სტრატეგიული ბირთვული იარაღი, რომლითაც შესაძლებელი იქნება გაანადგურონ ქალაქები ათასობით კილომეტრის მანძილზე.
„მე არ ვცდილობ ვინმეს შეშინებას ან შანტაჟს. მე მინდა დავიცვა ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველყო მშვიდობა ჩვენი, ბელარუსი ხალხისთვის,“- თქვა ლუკაშენკომ.
ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების შესაძლო განთავსებას უკვე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც პუტინის განცხადებას „შემაშფოთებელი“ უწოდა.
იმავე მიმართვაში, ლუკაშენკომ უკრაინას მოუწოდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ და თქვა, რომ თუ რუსეთს საფრთხე დაემუქრება, კრემლი იძულებული გახდება გამოიყენოს თავისი „ყველაზე საშინელი" იარაღი.
„ატომური ძალის დამარცხება შეუძლებელია. თუ რუსეთის ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ შექმნილი ვითარება რუსეთის დაშლას გამოიწვევს, ის გამოიყენებს ყველაზე საშინელ იარაღს, ამის დაშვება კი შეუძლებელია,“- თქვა ლუკაშენკომ.
კრემლი ამბობს, რომ მზად არის ლუკაშენკოს ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა განხილოს. ეს მომავალ კვირას, რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილ, პირისპირ შეხვედრაზე იქნება შესაძლებელი.
უკრაინამ არაერთხელ უარყო მინსკის შეთავაზება მშვიდობის დამყარების შესახებ. კიევი ამბობს, რომ რუსეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეს იყენებს უკრაინის წინააღმდეგ იერიშებისთვის. გასული წლის თებერვალში რუსული ჯარი კიევის მიმართულებით სწორედ ბელარუსიდან შევიდა.
ლუკაშენკო იმეორებს, რომ ბელარუსი ომში არ ჩაერთვება, თუმცა ის მჭიდროდ თანამშრომლობს მოსკოვთან.
Facebook Forum