შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სლოვაკეთის მოქალაქეს, რომელიც ცდილობდა რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის მიზნით, მიეღწია გარიგებისთვის ჩრდილოეთ კორეის 20-ზე მეტი სახის იარაღისა და საბრძოლო მასალის თაობაზე. ვაშინგტონმა ამის შესახებ 30 მარტს განაცხადა.
ოფიციალური ვაშინგტონი მანამდეაცხადებდა, რომ რუსეთი ცდილობს, ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი იარაღი შეიძინოს. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები დაუწესდა სლოვაკეთის მოქალაქე აშოტ მკრტიჩევს, „პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი სახის იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალის იმპორტის, ექსპორტის ან რეექსპორტის მცდელობის გამო“.
აშშ-ის ხაზინის დეპრატამენტის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოდან, 2023 წლის დასაწყისამდე, მკრტიჩოვი ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებთან მუშაობდა, რათა რუსეთისთვის მიეღო 20-ზე მეტი სახის იარაღი და საბრძოლო მასალა. გარიგებით, ფხენიანს სანაცვლოდ უნდა მიეღო სხვადასხვა მასალა, მათ შორის კომერციული თვითმფრინაცები, ნედლეული და ა.შ.
ამერიკული სანქციები, ყინავს მკრტიჩევის ნებისმიერ აქტივს აშშ-ში, ამერიკელებს კი მასთან საქმიან ურთიერთობას უკრძალავს. სანქციები ემუქრება მათაც, ვინც მკრტიჩევთან გარკვეულ ტრანზაქციებს ახორციელებს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“, კომენტარის თხოვნაზე პასუხი ვერ მიიღო ამერიკაში რუსეთის საელჩოსგან და გაეროში, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლობისგან. სააგენტომ ვერც მკრტიჩევთან დაკავშირება შეძლო.
ხუთშაბათსვე, 30 მარტს, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აქვს ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი სასურსათო დახმარების სანაცვლოდ, აქტიურად ცდილობს ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი იარაღის შეძენას.
„ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ, რომ ჩრდილოეთ კორეა შემდგომ მხარდაჭერას გაუწევს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ.