ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება - კიევი პირობას დებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქის დასაცავად უფრო მეტ სამხედროს გაგზავნის. რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობს ქალაქის აღებას. ბოლო კვირებში ეს ბრძოლა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. თუკი მოსკოვი ამ ქალაქის აღებას მოახერხებს, ეს ფრონტის ხაზზე ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველი გამარჯვება იქნება.
არსებობდა მოლოდინი, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტს დატოვებდნენ, თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, ეს ასე არ მოხდებ: „სარდლობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას, რომ [უკრაინული მხარე] არ გასულიყო [ბახმუტიდან],“- ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი.
მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინა არა თუ არ გამოიყვანს ჯარს ბახმუტიდან ან გააგრძელებს ბრძოლას, არამედ კიევი იქ თავის პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ბახმუტისთვის ბრძოლას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ბრძოლა ადგილზე ჯერ ისევ გრძელდება. განსაკუთრებით დიდი დანაკარგები აქვს რუსულ ჯარს, რომელიც უკვე თვეებია ცდილობს აიღოს ქალაქი და მისი შემოგარენი. ბახმუტის აღებაში აქტიურად არის ჩართული ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერის ჯგუფი", რომელიც ბრძოლაში დაქირავებულ სამხედროებსა და ბევრი გავრცელებული ცნობით, პატიმრებსაც იყენებს.
ბახმუტი, აღმოსავლეთ უკრაინული ქალაქი, სტრატეგიული მნიშვნელობის არ არის, ამბობენ დასავლეთში სამხედრო ანალიტიკოსები. ამ მოსაზრებას იზიარებენ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტშიც. "ამერიკის ხმის" უკრაინული რედაქციის ჟურნალისტ იულია იარმოლენკოსთან საუბრის დროს ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე ამბობს, რომ რუსეთი "პრობლემებს ადამიანებს სწირავს".
„დიდი შეტევა, რომელზეც ყველა საუბრობს, ვფიქრობ, რომ უკვე მიმდინარეობს და ის არც ისე თანმიმდევრული და ეფექტურია. რასაც რუსეთი აკეთებს, არის ის, რომ პრობლემას ბევრ ადამიანს სწირავენ. ჩვენ ამას ვეძახით კონფლიქტის „ბახმუტიზაციას“, სადაც ისინი ფაქტობრივად ყოველდღე ასობით სიცოცხლეს კარგავენ, რათა გააკონტროლონ ტერიტორია, რომელიც არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის“, - ამბობს "ამერიკის ხმის" უკრაინის რედაქციასთან საუბრის დროს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალი.
Facebook Forum