ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთმა სარკინიგზო კატასტროფის ადგილზე გადარჩენილთა ძებნა შეწყვიტა


ისტორიულად ყველაზე მსხვერპლიანი სარკინიგზო კატასტროფის ადგილი საბერძნეთში. 3 მარტი, 2023 წ.
ისტორიულად ყველაზე მსხვერპლიანი სარკინიგზო კატასტროფის ადგილი საბერძნეთში. 3 მარტი, 2023 წ.

ოფიციალური ათენი აცხადებს, რომ წყვეტს გადარჩენილთა ძებნას საბერძნეთის ისტორიაში ყველაზე მსხვერპლიანი სარკინიგზო ავარიის ადგილზე. განცხადება საბერძნეთმა დღეს, 3 მარტს გააკეთა, მას შემდეგ, რაც კატასტროფის ადგილზე 3-დღიანი ძებნის შედეგად, 57 დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინა.

ახლობლები და ნათესავები ჯერ კიდევ ეძებენ მატარებელზე მყოფ ადამიანებს, რომლებიც დაკარგულად არიან გამოცხადებული. მოსახლეობაში იზრდება ბრაზი იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ კრიზისი არასწორად მართა. ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, თუ ზუსტად რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. მეორე დღეა, გაფიცულნი არიან რკინიგზის თანამშრომლებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ქსელის მართვის სისტემა ვადაგასულია, არასაკმარისად ფინანსდება და უსაფრთხო არ არის.

სარკინიგზო მიმოსვლა ავარიის ადგილზე, დასახლებულ პუნქტ ტემპესთან ჯერ არ არის აღდგენილი. ტემპე ათენიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 376 კილომეტრში მდებარეობს, ქალაქ ლარისას მახლობლად. მთავრობა აცხადებს, რომ ადგილზე საბოლოო ინსპექცია ტარდება და მოძრაობა მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება, სავარაუდოდ - შაბათისთვის.

ავარია საბერძნეთში სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. სამგზავრო მატარებელი შეეჯახა სატვირთოს, რის შედეგადაც ვაგონები ლიანდაგიდან აქეთ-იქით გადაცვივდა, ზოგს კი ცეცხლი მოედო.

ვარაუდობენ, რომ სამგზავრო მატარებელზე სულ ცოტა, 350 ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესობა უნივერსიტეტის სტუდენტი უნდა ყოფილიყო. პოლიციის განცხადებით, მათ მობილური ტელეფონებით, პირადი ნივთებით, თუ სხვა მტკიცებულებებით სავსე ბოლო შავი პარკები ხუთშაბათს საღამოს მიიღეს და მათი შესწავლა პარასკევსაც გაგრძელდა.

ლარისას საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. იქ დაშავებულებს მკურნალობენ და ახლობლები დაღუპულთა დნმ ტესტების შედეგებს ელოდებიან. ათეულობით ადამიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ მათი ნათესავები დაკარგული არიან და ისინი მთავრობისგან პასუხს ითხოვენ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მოსახლეობას დაპირდა, რომ მომხდარის გამოსაძიებლად, სპეციალური საპარლამენტო კომისია შეიქმნება. ორპარტიული კომისია შეისწავლის როგორც ავარიის მიზეზებს, ისე მთლიანად ქვეყნის სარკინიგზო ქსელის მდგომარეობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG