ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი აღიარებს მიწისძვრაზე რეაგირებაში არსებულ პრობლემებს


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ოთხშაბათს, 8 თებერვალს აღიარა, რომ მიწისძვრის შემდეგ, საგანგებო სიტუაციის ადეკვატურ მართვაში მთავრობას პრობლემები ჰქონდა. სამხრეთ თურქეთში მომხდარ მიწისძვრაში დაზარალებულ მოსახლეობაში უკმაყოფილება იზრდება მაშველთა გუნდების ხშირი დაგვიანების გამო.

ერდოღანი, რომელსაც მაისში არჩევნები უწევს, ამბობს, რომ ახლა სამაშველო ოპერაციები სათანადოდ მიმდინარეობს. ის პირობას დებს, რომ უსახლკაროდ არავინ დარჩება. თურქეთში და მეზობელ სირიაში ორშაბათს მომხდარ ძლიერ მიწისძვრაში მსხვერპლის რაოდენობა ოთხშაბათისთვის 11 000-ს აჭარბებს.

სამხრეთ თურქეთში ათასობით დაზარალებულია, რომლებიც დროებით თავშესაფარში ურთულეს პირობებში, მკაცრი ზამთრის სუსხში იმყოფებიან. სტიქიური უბედურების ზონაში ბევრს დროებით თავშესაფარშიც კი არ აქვს ადგილი და ღამით ქუჩებში, საბნებში გახვეულს სძინავს. მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება, მაშველები ცდილობენ ნანგრევებში მყოფი ადამიანები იხსნან.

ანალოგიური ვითარებაა მეზობელ სირიაშიც. უახლოეს დღეებში ორივე ქვეყანაში მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას მოელიან.

მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ გააგზავნა სასწრაფო დახმარება თურქეთ-სირიის სასაზღვრო რეგიონებში. საგანგებო დახმარება მიწისძვრის ეპიცენტრში მყოფ დასახლებებს გაუგზავნეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომელთა შორისაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ხსნის საერთაშორისო კომიტეტი.

თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს. ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრში ბიძგის სიმძლავრემ 7.8 ბალი შეადგინა. ეს ყველაზე მსხვერპლიანი მიწისძვრა იყო 1999 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომელშიც 17 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გასული წლის ოქტომბერში ქ. იზმირთან მომხდარ მიწისძვრაში 116 ადამიანი დაიღუპა და 1 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG