ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამალა ჰარისის სახლთან ასობით მიგრანტი ყინვაში, ქუჩაში დატოვეს


შობის უქმეებზე, მიგრანტებით სავსე ავტობუსები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის სახლთან გაჩერდა და ასობით ადამიანი ქუჩაში დატოვა. ამერიკაში მექსიკიდან არალეგალურად გადასული ადამიანები ქვეყნის დედაქალაქში, ჰარისის სახლთან უკიდურეს სიცივეში გადმოსვეს.

საუბარია, დაახლოებით 110-130 მიგრანტზე, რომლებიც ამერიკაში თავშესაფარს ითხოვენ. მათი უმეტესობა ამერიკაში ოჯახებითა და მცირეწლოვანი ბავშვებითაა ჩამოსული. ინფორმაციას ამის შესახებ ტატია ლაბორდე, იმიგრანტთა დახმარების ერთ-ერთი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ავრცელებს.

ლაბორდეს თქმით, ისინი ინფორმირებულები იყვნენ მიგრანტების ვაშინგტონში ჩასვლასთან დაკავშირებით და მათ თბილი გადასაფარებლებით ელოდებოდნენ. ასევე ყველაფერი მზად იყო ვაშინგტონის ერთ-ერთ ეკლესიაში მათ გადასაყვანად.

მიგრანტები ქვეყნის დედაქალაქში ტეხასის შტატიდან ჩაიყვანეს. გუბერნატორ გრეგ აბოტის თანამშრომლებს ჟურნალისტები ვერ დაუკავშირდნენ, რათა გადაემოწმებინათ, იყო თუ არა მიგრანტების ვაშინგტონში ჩაყვანა შტატის მიერ დაფინანსებული.

რესპუბლიკელ აბოტს, პრეზიდენტ ბაიდენის მკაცრი კრიტიკოსს, ისევე როგორც რამდენიმე სხვა რესპუბლიკელ გუბერნატორს, მიგრანტები დემოკრატების მიერ კონტროლირებად ქალაქებში გადაჰყავთ.

ტეხასიდან უკვე გადაანაწილეს ათასობით მიგრანტი ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში. ამან კი ქვეყანაში მიგრანტების რიცხვზე არსებული დებატები ქვეყანაში მკვეთრად გაამწვავა.

XS
SM
MD
LG