რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი ახალ წლამდე კიდევ ერთხელ ისაუბრებენ. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი" იტყობინება. თუმცა, საუბრის ფორმატის თუ დროის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.
"ტასის" ცნობით, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ორივე მხარე ამ საუბრის დეტალებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
პუტინი და სი ძინპინი ამბობენ, რომ ორ ქვეყანას შორის "უსაზღვრო პარტნიორობა" არსებობს. ამის შესახებ განცხადება ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, პეკინში ვიზიტისას გააკეთა.
მაშინ, როცა დასავლელი ლიდერები ომს გმობენ და რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს უმწვავებენ, ჩინეთთან მოსკოვის პარტნიორობამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა ვლადიმირ პუტინმა სექტემბერში საჯაროდ თქვა, რომ "ჩინეთს ჰქონდა შეკითხვები და პეკინმა შეშფოთება გამოხატა" უკრაინასთან დაკავშირებით.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, ამჟამად კი - რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, გასულ კვირას პეკინში იმყოფებოდა და პრეზიდენტსაც შეხვდა.
სი ძინპინმა მედვედევს უთხრა, რომ ჩინეთი იმედოვნებს, "უკრაინის კრიზისში ყველა მხარე შეზღუდულად იმოქმედებს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წუხილებს პოლიტიკური გზებით გადაწყვეტს". ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობები.