ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული და სარაკეტო საფრთხეები - ამერიკამ სამხრეთ კორეაში კოსმოსური ძალების ჯგუფი განათავსა


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეაში კოსმოსური ძალების ჯგუფი განათავსა. ისინი შეუერთდებიან ვაშინგტონისა და სეულის ძალისხმევას იმისთვის, რომ სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო თავდასხმებისგან ეფექტურად იყოს დაცული.

ამერიკის კოსმოსური ძალები კორეაში არის შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების რიგით მეორე კოსმოსური შენაერთი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარეობს. ჯგუფის წევრები უკვე სამხრეთ კორეაში იმყოფებიან. ისინი სამხრეთ კორეელ კოლეგებთან ერთად მონიტორინგს გაუწევენ საჰაერო სივრცეს და დააკვირდებიან რაკეტებს და მათ ტრაექტორიას რეგიონში. ჯგუფს ვიცე-პოლკოვნიკი ჯოშუა მაკკულიონი უხელმძღვანელებს.

ახალი ჯგუფი სამხრეთ კორეაში ამერიკის ძალების შემადგენლობაში იქნება. კორეაში ამერიკული ძალების გენერალი პოლ ლაკამერა ამბობს, რომ ახალი დანაყოფი გააძლიერებს ამერიკის შესაძლებლობას უზრუნველყოს მშვიდობა და უსაფრთხოება კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში.

„ამერიკული ჯარი არის უფრო სწრაფი, უკეთ დაკავშირებული, უფრო ინფორმირებული და ზუსტია სწორედ კოსმოსური ძალების მხარდაჭერის გამო", - ამბობს კორეაში ამერიკის ძალების მეთაური.

სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეის შეკავების მიზნით, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ . ფხენიანმა წელს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა, რომლებსაც ამერიკის საზღვრებამდე მიღწევა შეუძლია.

სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა ამავე თვეში ასევე შექმნა საკუთარი კოსმოსური განყოფილება, რათა ამერიკის კოსმოსურ ძალებთან ერთად თავისი კოსმოსური ძალა და ოპერატიული შესაძლებლობები გაეძლიერებინა.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება მათი უმთავრესი კონკურენტების მიერ კოსმოსში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გააქტიურების გამო. მათ შორის ჩინეთის მიერ ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავებისა და რუსეთის მიერ გასულ წელს ანტი-სატელიტური ტექნოლოგიის გამოცდის გამო.

პეკინმა სეული გააფრთხილა, არ შეუერთდეს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ "გლობალურ სარაკეტო ფარს" და გააკრიტიკა ამერიკის სარაკეტო თავდაცვის სისტემა THAAD-ის სამხრეთ კორეაში დაყენების გადაწყვეტილება.

სეულის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის კოსმოსური კომპონენტის შექმნას არავითარი კავშირი არ აქვს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არსებულ პროგრამებში სამხრეთ კორეის მონაწილეობასთან.

დაახლოებით 28,500 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული სამხრეთ კორეაში ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 1950-1953 წლებში კორეის ომის ზავით დასრულების შემდეგ გაფორმდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG