ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი უსიმპტომო კოვიდის შემთხვევებს აღარ აღრიცხავს


ჩინეთი აცხადებს, რომ ის უსიმპტომო კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობის აღრიცხვას აღარ აპირებს. ქვეყნის შესაბამისი უწყებების განმარტებით, მაშინ, როცა მასობრივი ტესტირება სავალდებულო აღარ არის, ამგვარი შემთხვევების გამოვლენა შეუძლებელი გახდება.

ეს კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩინეთი კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების მიმართულებით იღებს. გასულ კვირას გაუქმდა სავალდებულო ტესტირება და ინფიცირებულთა იზოლაციისთვის საჭირო ღონისძიებები. თუმცა, პარალელურად ჩინეთში ინფიცირებულთა დაფიქსირებული რაოდენობაც სწრაფად იზრდება. არსებობს რისკი, რომ ჯანდაცვის სისტემას შესაძლოა ამ რაოდენობასთან გამკლავება გაუჭირდეს, როგორც ზოგიერთ ქვეყანას კოვიდ-პანდემიის ადრეულ ეტაპებზე.

ამ დროისთვის, ინფიცირებულთა დიდი ნაწილი სახლში რჩება და ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვი კრიტიკულად არ იზრდება. მაგრამ აღრიცხვის წესების ცვლილებამ შესაძლოა რაოდენობის დადგენა კიდევ უფრო გაართულოს. ზოგიერთ საავადმყოფოში, ინფიცირების გამო სამედიცინო პერსონალის სიმცირეცაა.

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პრაქტიკულად შეუძლებელია უსიმპტომო პაციენტების გამოვლენა. ისინი კი ამჟამად ინფიცირებულთა უდიდეს ნაწილს შეადგენენ. ერთადერთი მონაცემი, რომელსაც კომისია ახლა აქვეყნებს, არის საჯარო ტესტირების დაწესებულებებიდან მიღებული, დადასტურებული შემთხვევები, როცა სიმპტომებიც ფიქსირდება. ასევე ვერ ფიქსირდება ყველა ის შემთხვევა, როცა მოქალაქეები ტესტს სახლში იკეთებენ.

ჩინეთის "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკა ბოლო პერიოდში პროტესტის მიზეზიც გახდა. მკაცრი რეგულაციების შემცირება ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში დაიწყო. თუმცა ხელისუფლების მიერ გავრცელებულ მონაცემებს ბევრი კვლავ ნაკლები ნდობით ეკიდება და მათ ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს.

XS
SM
MD
LG