ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს, დიდი შვიდეული მოსკოვზე ნავთობის ახალი ფასით ზეწოლას ახდენს


ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე საჰაერო იერიშები მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ კიევი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, რუსეთის მთავარი სამიზნე, კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა და ენერგო-ობიექტები იყო.

ეს მაშინ, როცა დასავლეთი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე ნავთობის ფასზე $60-ანი ზედა ზღვრის დაწესებით, რათა მოსკოვმა ვერ შეძლოს უკრაინაში ომის არსებულ დონეზე დაფინანსების გაგრძელება.

საჰაერო განგაშის ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმოდა.

კიევის ცნობით 2 ადამიანი ემსხვერპლა რუსულ საჰაერო იერიშებს ზაპოროჟიეში, სადაც ასევე დაზიანდა და სრულად დაინგრა რამდენიმე სახლი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლო.

კიევის რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ რეგიონში საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ კარგად იმუშავა, მოსახლეობა კი რუსული იერიშებისგან თავს თავშესაფარში ყოფნით იცავდა.

სუმში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ შეწყდა. მიზეზი ახალი იერიშები და დაზიანებული ინფრასტრუქტურაა.

უკრაინელი ოფიციალური პირები მოუწოდებენ მოსახლეობას დროულად შეაფარონ თავი ბუნკერებს, როდესაც საჰაერო განგაშის ხმას გაიგონებენ, რადგან მათი თქმით, მოსახლეობის ნაწილი თავს არიდებს თავშესაფრებში ჩასვლას.

„ნუ უგულებელყოფთ საჰაერო განგაშის ხმას,“- თქვა უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა ანდრეი ერმარკმა.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ენერგო-ობიექტებია, რის გამოც მილიონობით უკრაინელი შუქის, წყლისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. ვითარებას ის ართულებს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელები აღდგენით სამუშაოებს ატარებენ, რუსეთი ელექტრო-გადამცემ ინფრასტრუქტურას მორიგ ჯერზე ბომბავს.

კიევი აცხადებს, რომ ეს ომის დანაშაულია, რადგან რუსული თავდასხმების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრქუტურაა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

განსაზღვრული ფასი ნავთობზე

დასავლეთი სხვადასხვა გზით ცდილობს უკრაინის დახმარებას და რუსეთის ომის შეჩერებას. დღეიდან ამოქმედდა ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი. დიდი შვიდეულის ქვეყნების ინიციატივით, ერთი ბარელის მაქსიმალურ ღირებულებად 60 დოლარი განისაზღვრა. ეს მაშინ როცა რუსეთი მსოფლიოში ნავთობის მეორე უდიდესი ექსპორტიორია.

შეთანხმება საშუალებას იძლევა რუსული ნავთობის მიწოდება მოხდეს მესამე მხარისთვის იქნება ეს დიდი შვიდეულისა თუ ევროკავშირის ქვეყნები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტვირთი შეძენილია ახალი წესების დაცვით, რაც ნიშნავს, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 60 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს.

მოსკოვი გადაწყვეტილებას არ იზიარებს და ამბობს, რომ სრულად შეწყვეტს ნავთობის ექსპორტს ქვეყნიდან. ჯერ კიდევ შემოდგომაზე პუტინმა თქვა, რომ ეს მისთვის მიუღებელი იქნებოდა.

დიდი შვიდეულის ქვეყნების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი. ის თვლის, რომ 60 დოლარი მაღალი ფასია და ეს რუსეთის ომს ვერ შეაჩერებს.

აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობი ბაზარზე, დაახლოებით, 79 დოლარად იყიდებოდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG