სამხედრო მეთაურებზე დაყრდნობით, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ცხრათვიან ომში, 10 000-13 000 ჯარისკაცი დაიღუპა.
უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ, ომის მსხვერპლის შესახებ ამგვარი განცხადებება იშვიათად კეთდება და ეს მონაცემები ბევრად ჩამორჩება დასავლეთის მიერ გავრცელებულ ვარაუდს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე.
ბრძოლაში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების შესახებ ახალი მონაცემები, პრეზიდენტ ზელენსკის მთავარმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ხუთშაბათს ღამით გამოაქვეყნა. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ დაშავებულ ჯარისკაცთა რაოდენობა კიდევ უფრო დიდია, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი კი - “მნიშვნელოვანი”.
”ჩვენ გვაქვს ოფიციალური მონაცემები გენერალური შტაბიდან, გვაქვს ოფიციალური მონაცემები უმაღლესი სარდლობისგან და ის შეადგენს 10 000-დან 12 500 - 13 000 მოკლულს” - განუცხადა პოდოლიაკმა ტელეარხ 24-ს.
უკრაინელი სამხედროები აქამდე არ საუბრობდნენ ამ მონაცემებზე. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც უკრაინელმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა, ასეთი ინფორმაცია დაადასტურა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, შეიარაღებული ძალების მეთაურმა ბოლოს აგვისტოს მიწურულს გაავრცელა და თქვა, რომ ომში თითქმის 9 000 სამხედრო მისამსახურე დაიღუპა. თავად პოდოლიაკმა ივნისში განაცხადა, რომ ყოველდღიურად, ყველაზე ინტენსიური ბრძოლებისა და სისხლისღვრის დროს, 200-მდე ჯარისკაცი იღუპებოდა.
გასულ თვეში, აშშ-ის უმაღლესი რანგის გენერალმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ ომში 40 000-მდე უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000 რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. მონაცემები “ალბათ იგივეა უკრაინულ მხარესაც” - თქვა გენერალმა.
ოთხშაბათს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ ომში 100 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მიგვიანებით, მისმა ოფისმა კომენტარი შეასწორა და თქვა, რომ ეს რაოდენობა მოიცავს როგორც დაღუპულებს, ასევე დაშავებულებს.