ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში "ატომექსპოზე" დასასწრებად ჩავიდა


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ორშაბათს რუსეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა, სადაც ატომურ ენერგიასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმს ესწრება. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, უნგრეთი რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ატომექსპოზე" სიტყვითაც გამოვიდა. ორდღიანი კონფერენცია სოჭში ტარდება.

ფორუმი, რომელსაც სახელად "ატომური გაზაფხული" ჰქვია, მსოფლიოში არსებული ატომური ინდუსტრიის სიახლეებზეა ორიენტირებული და მისი მიზანია იყოს "ბიზნეს პლატფორმა ახლანდელი ატომური ინდუსტრიის განსახილველად და მომავალი ტრენდების ჩამოსაყალიბებლად", ნათქვამია ფორუმის ოფიციალურ საიტზე.

"ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტში სიიარტომ დაწერა, რომ ექსპოზე დასწრების პარალელურად, ის შეხვდება რუსეთის ატომური ენერგიის კომპანია "როსატომის" დირექტორს, რათა განიხილონ უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის საკითხი. რუსეთმა უნგრეთს უკვე აღუთქვა დახმარება ამ საკითხთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს პროექტი უნგრეთის "ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია".

"გლობალური ენერგო კრიზისი ნიშნავს, რომ ქვეყნებისთვის უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეთ შესაძლებლობა აწარმოონ და დააკამყოფილონ საკუთარი ქვეყნის ენერგო მოთხოვნილებები. პარკსის ატომური ელექტროსადგური უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენს ენერგო უსაფრთხოებაში",- ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

XS
SM
MD
LG