ამერიკელმა და ფილიპინელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ შეერთებულ შტატებს, 2014 წლის თავდაცვის პაქტის საფუძველზე, ფილიპინებზე განლაგებული სამხედრო ძალების გაფართოება სურს. ეს იყო ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა აზიაში ამერიკის უძველეს მოკავშირესთან ვიზიტის დროს წამოიწყო.
მანილაში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში, პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსთან მოლაპარაკებების დროს, ჰარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის ვალდებულება, 1951 წლის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების საფუძველზე, ფილიპინები დაიცვას.
მაღალ დონეზე გარანტია გაიცა იმ ინციდენტის მეორე დღეს, როდესაც ჩინეთის სანაპირო დაცვამ ძალისმიერად ჩაიგდო ხელში ჩინური რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც ფილიპინების საზღვაო სამხედრო ძალებმა იპოვა და საკამათო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ფილიპინების მიერ დაკავებული კუნძულისკენ ბუქსირებას ახდენდა. ჩინეთი, ფილიპინები და კიდევ ოთხი სხვა მთავრობა ამ სტრატეგიული საზღვაო გზის გარშემო, მზარდად დაძაბულ ტერიტორიულ დავაში არიან ჩართული.
„სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინების შეიარაღებულ ძალებზე, საზოგადოებრივ ხომალდებზე ან საჰაერო ხომალდებზე შეიარაღებული თავდასხმა, შეერთებული შტატების მხრიდან ერთობლივი თავდაცვის ვალდებულებებს აამოქმედებს და ეს ურყევი ვალდებულებაა, რომელიც ფილიპინების მიმართ გვაქვს,“ უთხრა ჰარისმა მარკოსს.