პოლონეთში ქვეყნის შესაბამისი უწყებების ლიდერები შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სამოქმედო ნაბიჯებზე მსჯელობენ. მთავრობის პრეს-სპიკერის, პიოტრ მიულერის განმარტებით, პოლონეთი ახლა აზუსტებს, სჭირდება თუ არა ნატოს წესდების მეოთხე მუხლის თანახმად მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვის მოთხოვნა. მისივე თქმით, პოლონეთი სამხედრო დანაყოფების მზაობას ზრდის.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ნატოს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს საკონსულტაციოდ შეკრიბოს მთელი ალიანსი, თუკი მის უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრება.
ამავე დროს ვრცელდება ცნობები ორ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით, რომ ნატოს ელჩები ოთხშაბათს სწორედ პოლონეთის მოთხოვნის საფუძველზე საკონსულტაციოდ შეიკრიბებიან.
პოლონური მხარე ამ დრომდე არ ადასტურებს თუ ზუსტად რა მოხდა, მისსა და უკრაინის საზღვარზე. ვარშავის თქმით, გაისმა აფეთქების ხმა და მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.
ცოტა ხნის წინ, სატელეფონო საუბარი შედგა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის.
"ტვიტერზე" პოლონური მხარის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტმა პოლონეთში დღეს მომხდარი ინციდენის გამოძიების აუცილებლობაზე და ნატოს მეოთხე მუხლის ამოქმედებაზე ისაუბრეს.
ცოტა ხნით ადრე, პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ ორი რუსული რაკეტა პოლონეთში, სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. გარდაიცვალა ორი ადამიანი. მომხდარის დეტალები ამ დრომდე დაუდასტურებელია.
რუსეთმა პოლონეთის ტერიტორიაზე იერიში უარყო. ვაშინგტონი კი ამბობს, რომ კონკრეტული დამადასტურებელი ცნობები იერიშის ან ბრალეულობის თაობაზე ჯერჯერობით არ აქვს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ამბობს, რომ შეერთებული შტატები პოლონეთთან ერთად მუშაობს რათა გაირკვეს რა მოხდა, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„ამერიკა გამოიძიებს მომხდარს და გადაწყვეტს რა იქნება შემდეგი ნაბიჯები,“- ამბობს პატელი სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
პარალელურად, დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები მიიტანა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ეს ყველაზე ფართომასშტაბიან საჰაერო იერიშია, 24 თებერვლიდან დღემდე.