ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: "გაფრთხილებდით, ტერორი ჩვენი ქვეყნის საზღვრებით არ შემოიფარგლება"


პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტს შუაღამის ტრადიციულ ვიდეო-მიმართვაში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

"დღეს მოხდა ის, რის შესახებაც ჩვენ ვაფრთხილებდით დიდი ხნის წინ. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. ტერორი არ შემოიფარგლება ჩვენი ეროვნული საზღვრებით. ის უკვე გავრცელდა მოლდოვის ტერიტორიაზეც და დღეს, რუსული რაკეტები ჩამოვარდა პოლონეთში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ადამიანები გარდაიცვალნენ. მიიღეთ უკრიანელი ძმებისგან სამძიმარი", - მიმართავს ზელენსკი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს.

პოლონური მედიის ინფორმაციით სავარაუდოდ ორი რუსული რაკეტა პოლონეთში, სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე დაუდასტურებელია.

15 ნოემბერს ომის დასასწყისიდან დღემდე, ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიშების სამიზნე გახდა არაერთი უკრაინული ქალაქი. კიევის მერის ცნობით, დედაქალაქში არის მსხვერპლიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდა.

"რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი სახელმწიფოს ქმედებები არ შემოიფარგლება ჩვენი ქვეყნით? პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები... ეს მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსეთი წინ წაიწევს. ჩვენ ტერორისტს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. რაც უფრო დიდხანს გრძნობს დაუსჯელობას რუსეთი, მით უფრო მეტი საფრთხე იქნება ყველასთვის, ვისაც კი შეიძლება რუსული რაკეტები მისწვდეს. ნატოს ტერიტორიაზე საჰაერო იერიში. ეს რუსეთის სარაკეტო თავდასხმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაციაა. მოქმედებაა საჭირო", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამ დრომდე მომხდარის დეტალები ზუსტდება. უცნობია რაკეტა პირდაპირ პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, თუ ის უკრაინის ჩამოგდების შემდეგ მოხვდა პოლონურ მხარეს. რუსეთმა პოლონეთის ტერიტორიაზე იერიში უარყო. პენტაგონი კი ამბობს, რომ კონკრეტული დამადასტურებელი ცნობები იერიშის ან ბრალეულობის თაობაზე ჯერჯერობით არ აქვს.

XS
SM
MD
LG