ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკის მხრიდან, თურქეთისთვის F16-ების მიყიდვასთან დაკავშირებით, ორი ამერიკელი სენატორისგან პოზიტიური სიგნალები მიიღო.
„მათი განცხადებები პოზიტიურია,“- უთხრა თურქეთის პრეზიდენტმა სააგენტო „როიტერს“. სავარაუდოდ, დადებითი სიგნალები ერდოღანმა სენატორ ლინდსი გრემისგან და კრის კუნსისგან მიიღო, რომელთაც ის დღეს შეხვდა.
საუბარია F16-ის ტიპის თვითმფრინავებზე, რომლსაც კომპანია „ლოქიდ მარტინი“ აწარმოებს. 40 ავიაგამანადგურებლის შეძენის თხოვნით, თურქეთმა ამერიკას სექტემბრის დასაწყისში მიმართა.
საკითხთან დაკავშირებით, ანკარას ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსეთისგან F35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები შეიძინა, ვაშინგტონში ანკარა მწვავედ გააკრიტიკეს. მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, შესაძლოა პროცესი შეაფერხოს.
ამ დრომდე უცნობია, ნიუ-იორკში ყოფნის დროს, გაიმართება თუ არა პირისპირ შეხვედრა ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის.
კითხვაზე, შეხვდება თუ არა ამერიკის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ის დაესწრება მიღებას, რომლის მასპინძელიც ჯო ბაიდენი იქნება. ამ დრომდე, ოფიციალურ განრიგში პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაწერილი არ არის. ამ წუთებში ერდოღანი გაეროს გენერალურ მდივანთან მართავს შეხვედრას.
არსებობს მოლოდინი, რომ თურქეთი ამერიკისგან F16-ებს მიიღებს, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური პოზიცია არ გახმოვანებულა.
Facebook Forum