ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთი ამბობს, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების განახლება გარდაუვალია


ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი როსენ ჰრისტოვი ამბობს, რომ ქვეყანამ რუსეთის სახელმწიფო ენერგო-გიგანტ "გაზპრომთან" გაზის მიწოდების თაობაზე საუბარი უნდა გააგრძელოს. მოლაპარაკებები აპრილში შეწყდა.

ჰრისტოვი არ აკონკრეტებს, როდის უნდა განახლდეს ეს მოლაპარაკებები, თუმცა ამბობს, რომ ოფიციალური სოფია ამ კვირაში აზერბაიჯანულ მხარეს სწორედ გაზის მარაგების გაზრდის თაობაზე ელაპარაკება და მხარეები თურქეთის გავლით გაზის მიწოდებაზეც ისაუბრებენ.

"ბიზნესებისა და სავაჭრო გაერთიანებების მხრიდან არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, "გაზპრომთან" მომარაგების განახლების თაობაზე მოლაპარაკებების აღდგენა გარდაუვალია", -ამბობს გარდამავალი მთავრობის მინისტრი.

"გაზპრომმა" ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილს მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც სოფიამ კომპანიას საფასურის რუბლით ანაზღაურებაზე უარი უთხრა. საერთაშორისო სანქციებზე ეს მოსკოვის მხრიდან ერთ-ერთი საპასუხო ნაბიჯი იყო. "გაზპრომსა" და "ბულგარგაზს" შორის კონტრაქტი წლის ბოლოს იწურება.

ბულგარეთის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ისინი ყოველთვე უგზავნიდნენ "გაზპრომს ცნობას იმის თაობაზე, რომ სოფია მზადაა ამერიკული დოლარით ანგარიშსწორებისთვის, ისე, როგორც ეს კონტრაქტითაა განსაზღვრული, თუმცა "გაზპრომისგან" პასუხი არ მიუღია. 1 აგვისტოდან ბულგარეთში გარდამავალი მთავრობა მოქმედებს, რომელიც პრეზიდენტმა რამენ რადევმა დანიშნა. მთავრობამ წინა, რეფორმისტული კოალიციის შეთანხმებების გადახედვა დაიწყო. მოქალაქეთა ნაწილმა ქუჩის საპროტესტო აქციებსაც მიმართა და ახალი მთავრობისგან რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის კურსის შენარჩუნება მოითხოვა.

XS
SM
MD
LG