ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში წელს რეკორდულად ბევრი ჟურნალისტი მოკლეს


2022 წელი მექსიკაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობით უკვე რეკორდულია. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "მე-19 მუხლი" სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, წელს, ამ დრომდე უკვე მოკლულია 18 ჟურნალისტი. მათგან 9 შემთხვევაში ორგანიზაცია ადგენს, რომ სიკვდილის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა.

ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ლეოპოლდო მალდონადო "როიტერთან" საუბარში ამბობს, რომ 2022 წელი შესაძლოა ქვეყანაში პრესისთვის საუკუნის ყველაზე საშინელი წელი იყოს.

2022 წლის თითქმის 8 თვის მონაცემები უკვე აჭარბებს გასული, სრული წლების მონაცემებს. 2021 წელს მექსიკაში 13 ჟურნალისტი მოკლეს, 2020-ში კი - 14. "მე-19 მუხლი" ამბობს, რომ ორივე წელს მკვლელობის საქმეთა ნახევარში დანაშაულის მოტივი პირდაპირ უკავშირდებოდა მათ პროფესიულ საქმიანობას.

ამავე დროს, ორგანიზაციის განმარტებით, მან წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ჟურნალისტებზე თავდასხმის 331 შემთხვევა აღნუსხა. შემთხვევათა დიდი ნაწილი მოიცავდა დაშინებას და შევიწროებას. ბევრმა ჟურნალისტმა მუქარა მიიღო და ბევრ შემთხვევაში ვლინდებოდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებიც.

2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ამგვარი შემთხვევები 2022 წლის პირველ ნახევარში თითქმის 52 %-ითაა გაზრდილი. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებითვე, ამავე პერიოდში 4 ჟურნალისტს ქვეყნის ფარგლებშივე ადგილსამყოფელის შეცვლა აიძულეს. ორი კი - ქვეყნიდან გაიქცა.

"ხელისუფლების წარმომადგენელთა როლი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში ნათლად ასახავს სახელმწიფოს ვალდებულებების დარღვევას იმის თაობაზე, რომ მან ჟურნალისტებისა და მედიის დაცვა უნდა უზრუნველყოს", - ვკითხულობთ უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში.

მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი გამუდმებით ამბობს, რომ მისი მთავრობა მედიას თავს არ ესხმის და ბოლო დროს მომხდარი მკვლელობები თუ ძალადობის სხვა შემთხვევები კრიმინალური დაჯგუფებების მიერაა ჩადენილი.

"მე-19 მუხლი" ვარაუდობს, რომ პრესაზე თავდასხმის შემთხვევების დიდი ნაწილის უკან სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლები დგანან. ორგანიზაცია 128 ასეთ ფაქტს ასახელებს და ამბობს, რომ ეს ტენდენცია 2007 წლიდან დღემდე გრძელდება.

XS
SM
MD
LG