ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყარაბაღში დაპირისპირების შეემდეგ ვითარება დამშვიდდა


მთიანი ყარაბაღის, დე ფაქტო ეთნიკური სომხების ხელისუფლება აცხადებს, რომ ვითარება სეპარატისტულ რეგიონში დასტაბილურდა აზერბაიჯანულ ძალებთან დაპირისპირების შემდეგ, რომლის დროსაც, სამი ჯარისკაცი დაიღუპა. დაპირისპირების შემდეგ, ბაქო დაეპატრონა სადავო რეგიონში რამდენიმე სტრატეგიულ სიმაღლეს.

დაპირისპირების ერთი დღის თავზე, რომელსაც ორი სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვეპლა, სომხური მხარე ამბობს, რომ რუსი სამხედროების შუამდგომლობით ვითარების დამშვიდებისკენ ნაბიჯები გადაიდგა.

მთიანი ყარაბაღი, რომელიც 2020 წლის ომამდე თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევამ დაუყოვნებელი საერთაშორისო დაგმობა მოიტანა. რუსეთმა ბაქო დაადანაშაულა შეთანხმების დარღვევაში, ხოლო შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მხარეებს მოუწოდეს, საომარი მოქმედებების „დაუყოვნებლივ“ შეწყვეტისკენ.

„დაძაბულობის ბოლოდროინდელი ზრდა ხაზს უსვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ან შედეგად მიღებული ყველა დარჩენილი საკითხის მოლაპარაკებების გზით, ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი გადაჭრის აუცილებლობას“, - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეთნიკურმა სომხურმა ჯარებმა 3 აგვისტოს ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ლაჩინის რაიონში, რომელიც 2020 წლის ნოემბრიდან რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშაა, რის შედეგადაც აზერბაიჯანელი წვევამდელი ანარ კაზიმოვი დაიღუპა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ თავის მხრივ, აზერბაიჯანი დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ყუმბარმტყორცნებისა და დრონების გამოყენებით და ამტკიცებს, რომ თავდასხმებს ორი ეთნიკური სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა და 14 დაიჭრა.

დაპირისპირების შემდეგ, სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა, არაიკ ჰარატიუნიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.

XS
SM
MD
LG