სომხეთის პოლიციამ დააკავა ასობით დემონსტრანტი, რომელიც ერევანში ქუჩების გადაკეტვას ცდილობდა. ოპოზიციის დემონსტრაციები, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადაყენებისკენ არის მიმართული.
ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ, 17 აპრილიდან მიმდინარე დემონსტრაციებზე, საზოგადოებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ. ფაშინიანს ბრალს სდებენ მიუღებელ დათმობებზე, რომელზეც ის მთიანი ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს წავიდა.
ფაშინიანი მძიმე კრიტიკის სამიზნე გასული თვიდანაა, როდესაც ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბრიუსელში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაწყვეტად სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის დაწყებაზე და საერთო საზღვრის დემარკაციის მიზნით ერთობლივი კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ.
17 მაისს, დილით, ოპოზიციის ასობით მხარდამჭერმა ერევნის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა სცადა.
სომხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ „286 ადამიანი სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო“ დააკავეს.
რამდენიმე საათის შემდეგ, „რადიო თავისუფლების“ სომხურმა სამსახურმა თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა.
ერთი დღით ადრე, პოლიციამ თითქმის 100 მძღოლი დააკავა,რომლებმაც ერევანში ავტომობილებით დემონსტრაციაში მიიღეს მონაწილეობა.
აზერბაიჯანს სურს, რომ სამშვიდობო შეთანხმება ხუთ ელემენტზე იყოს დაფუძნებული, მათ შორისაა, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება.
ფაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ერევნისთვის ეს ელემენტები პრინციპულად მისაღებია. განცხადებამ გააღვივა ოპოზიციის ბრალდებები, რომ ის მზად არის მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ცნოს.