ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანმა 8 სომეხი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა. შარლ მიშელის თქმით, ეს დადებითი მოვლენაა, რომელსაც მხარეებმა ევროპული სახელმწიფოების ჩართულობით მიაღწიეს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს სტაბილურობასა და კეთილდღეობას რეგიონში,“- წერს "ტვიტერზე", ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
სომეხი სამხედროები სამშობლოში ფრანგული სამხედრო თვითმფრინავით დაბრუნდნენ. თვითმფრინავი აზერბაიჯანში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაგზავნა.
აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ტყვეების გათავისუფლების გადაწყვეტილება „ჰუმანიტარული პრინციპების“ საფუძველზე მიიღეს.
არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ პირებს შორის არიან ის სომეხი სამხედროები, რომლებიც ნოემბრის შუა რიცხვებში სასაზღვრო დაპირისპირების დროს იყვნენ აყვანილები.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები 2020 წელს განახლდა. ქვეყნებს შორის 6 კვირიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა, ყარაბაღის დიდ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინა. ამ ტერიტორიებს სომხეთი 1994 წლის შემდეგ აკონტროლებდა, მას შემდეგ რაც სეპარატისტული ომი დასრულდა.
ყარაბაღი, რომელსაც სომხეთი თითქმის 30 წლის განმავლობაში აკონტროლებდა, საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ 6 კვირიანი ომი მოლაპარაკებებით დასრულდა, 2021 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა.
Facebook Forum