ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთი და აზერბაიჯანი განახლებული შეტაკებების მსხვერპლზე საუბრობენ


აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სასაზღვრო ზონაში მომხდარ შეტაკებებს მსხვერპლი ორივე მხარეს მოჰყვა. სომხეთის ოფიციალური პირები ავრცელებენ ცნობებს ათობით სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მათი შეიარაღებული ძალების 7 წარმომადგენელი გარდაიცვალა, 10 კი დაშავდა. მსხვერპლი 16 ნომბერს საზღვართან განახლებულ შეტაკებებს მოჰყვა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ 13 ჯარისკაცი შეიპყრო, 24 ჯარისკაცი კი უგზოუკვლოდაა დაკარგული და მათი ადგილსამყოფელი უცნობია.


შეტაკებების განახლებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. გასულ წელს, მთიანი ყარაბაღისთვის დაწყებული 6-კვირიანი ომი მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით დასრულდა. სადავო ტერიტორიების უდიდეს ნაწილზე კონტროლი აზერბაიჯანმა დაამყარა და რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდნენ. ომს 6 500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აზერბაიჯანი ამბობს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის მხრიდან მოსაზღვრე კალბაკარსა და ლაჩინის რაონებში "ფართომასშტაბიანი პროვოკაციები" აიცილა თავიდან. თავდაცვის სამინისტრო კი სწორედ აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებს საზღვრის გასწვრივ განლაგებული ძალებისთვის სროლის დაწყებაში, შეიარაღებული ჯავშანტექნიკისა და არტილერიის გამოყენებაში.

ევროკავშირი მხარეებს ამ შეტაკებების დასრულების, შეიარაღებული ძალების ურთიერთგანრიდებისა და წინა დღეს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ეს საკითხი ორივე ქვეყნის ლიდერთან სატელეფონო საუბარში უკვე განიხილა. მან მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდა. ბლოკი ასევე კიდევ ერთხელ სთავაზობს ორ ქვეყანას დახმარებას იმისთვის, რომ ხანგრძლივი დაძაბულობის გადაჭრის გზები მოინახოს. სამშაბათს მხარეებს კონფრონტაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა რუსეთმაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG