პენტაგონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება უკრაინას უსაფრთხოების კუთხით ახალ დახმარებას მიაწვდის. დახმარების პაკეტი 550 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას და იარაღს მოიცავს, მათ შორის დამატებით მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს - "ჰაიმარსებს".
"იმისათვის, რომ უპასუხოს ბრძოლის ველზე მზარდ საჭიროებებს, ამერიკა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას განაგრძობს იმისათვის, რომ მიაწოდოს უკრაინას მნიშვნელოვანი შესაძლებლობები", - ვკითხულობთ პენტაგონის განცხადებაში.
ამავე დროს რუსეთი ამერიკას უკრაინაში ომში პირდაპირ ჩართულობაში ადანაშაულებს. კრემლი აცხადებს, რომ ეს ბრალდება უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის, ვადიმ სკიბიტსკის განცხადებებს ეფუძნება იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებს კიევი ამერიკის მიერ მიწოდებულ გრძელი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემებს - "ჰაიმარსებს".
სკიბიტსკიმ ბრიტანულ გამოცემა "ტელეგრაფს" უთხრა, რომ ზოგიერთ საჰაერო იერიშამდე ამერიკულ და უკრაინულ სადაზვერვო სამსახურებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკრიანულ მხარეს პირდაპირ სამიზნეებზე ინფორმაციას აწვდიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ინტერვიუ აჩვენებს, ვაშინგტონი ჩართულია კონფლიქტში მიუხედავად იმისა, რომ ის გამუდმებით ცდილობს თავისი როლი ამ სიტუაციაში და უკრაინის იარაღით მომარაგებაში შეზღუდულად წარმოაჩინოს, რათა რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია თავიდან აირიდოს. მოსკოვის ამ განცხადებაზე შეერთებულ შტატებს ამ დრომდე არ უპასუხია.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთხელ შეჭრის შემდეგ, ამერიკა და სხვა მოკავშირეები ქვეყანას ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, რათა კიევმა შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.