ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდას ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი. შეერთებულმა შტატებმა ტერორისტ ლიდერზე ზუსტი საჰაერო იერიში დრონით ავღანეთში, ქაბულის ცენტრში მდებარე სახლში მიიტანა. ეს 2011 წელს დაჯგუფების ლიდერის - ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, უდიდესი დარტყმაა.
ზავაჰირი ეგვიპტელი ქირურგი იყო, რომლის ადგილსამყოფელის გასამხელადაც ჯილდოდ 25 მილიონი დოლარი იყო დაწესებული. ის 2001 წელს ამერიკაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების ერთ-ერთი კოორდინატორი იყო. 11 სექტემბრის ტერაქტებს 3 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები სააგენტო "როიტერს" ანონიმურად უყვებიან, რომ ზავაჰირი მაშინ მოკლეს, როცა ის კვირას, დილის 6 საათზე, ქაბულში თავისი სახლის აივანზე გამოვიდა. მისი ლიკვიდაცია დრონიდან გასროლილი რაკეტით მოხდა, რომლის სახელიც "ჯოჯოხეთის ცეცხლად" ითარგმნება.
"მართლმსაჯულება აღსრულდა, ეს ტერორისტი ლიდერი ცოცხალი აღარაა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი იქნება საჭირო, სად დაიმალებით, თუკი თქვენ ჩვენს ხალხს საფრთხეს უქმნით, ამერიკა თქვენ გიპოვით და გაგანადგურებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელევიზიო მიმართვისას.
ბაიდენმა თქვა, რომ ქაბულის სახლზე ზუსტი თავდასხმის უფლება მან მას შემდეგ გასცა, რაც თვეების განმავლობაში თვალთვალისა და დაგეგმვის შედეგად შესაძლებელი გახდა ამ თავდასხმის სხვა მსხვერპლის გარეშე განხორციელება.
თავდასხმა დაჯგუფება თალიბანის წარმომადგენლებმა უკვე დაგმეს. თალიბანის პრეს-სპიკერმა დაადასტურა, რომ თავდასხმა ქაბულის ცენტრში მოხდა, თუმცა მომხდარი მკაცრად დაგმო და თქვა, რომ ეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერიც ადასტურებს, რომ თავდასხმისას მოკლულია მხოლოდ ზავაჰირი.
თალიბანის მთავრობის წარმომადგენლებმა შერპურის უბანში, სადაც თავდასხმა მოხდა, უსაფრთხოება გააძლიერეს და ჟურნალისტებს მიახლოების უფლებას არ აძლევენ. ერთ-ერთი ოფიციალური პირი "როიტერს" იმასაც უდასტურებდა, რომ ზავაჰირი დიდი ხნის განმავლობაში ჰელმანდის პროვინციას აფარებდა თავს. მას შემდეგ კი, რაც ძალაუფლება ხელში თალიბანმა ჩაიდო, ის ქაბულში გადავიდა.
"ზავაჰირი კვლავ აქტიურ საფრთხეს უქმნიდა ამერიკის შეერთებული შტატების მცხოვრებლებს, მის ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებას. მისი სიკვდილი იქნება მნიშვნელოვანი დარტყმა ალ-ყაიდასთვის და ის დაასუსტებს ამ ჯგუფის ფუნქციონირების შესაძლებლობას", - უთხრა ჟურნალისტებს ამერიკის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
ზავაჰირი ალ-ყაიდას ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს ამერიკამ ოსამა ბინ-ლადენის ლიკვიდაცია შეძლო. წლების განმავლობაში ის ბინ-ლადენის მთავარი ორგანიზატორი, დამხმარე და სტრატეგოსი იყო. თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მას არ ჰქონდა საკმარისი ქარიზმა და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან "კონკურენციის" პირობებში ის ვერ ახერხებდა ფართომასშტაბიანი თავდასხმების ორგანიზებას თუ ჯგუფის წევრების შთაგონებას. გასული წლების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ალ-ზავაჰირი გარდაიცვალა ან მოკლეს, ამბობდნენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ამერიკის დაზვერვის სამსახურების ცნობით, ზავაჰირის ლიკვიდაცია ტერორიზმთან მებრძოლი უწყებების ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა თავდაპირველად დაადგინეს, რომ წელს ზავაჰირის ცოლი, ქალიშვილი და მისი შვილები ქაბულში, "უსაფრთხო სახლში" გადავიდნენ საცხოვრებლად. შემდეგ კი სპეციალურმა სამსახურებმა შეძლეს იმის იდენტიფიცირებაც, რომ ზავაჰირიც ამავე სახლში იმყოფებოდა. ის რამდენჯერმე შენიშნეს აივანზე. თუმცა ცნობილი არაა, ტოვებდა თუ არა ის ამ სახლს იმ ხნის განმავლობაში, რაც მას უთვალთვალებდნენ. ოფიციალური პირების განცხადებით, ის განაგრძობდა ვიდეო-მიმართვების ჩაწერასა და გავრცელებას და გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთი ასეთი ჩანაწერი მისი მკვლელობის შემდეგაც გავრცელდეს.
დრონიდან განხორციელებული ეს თავდასხმა პირველი ცნობილი იერიშია ავღანეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა და დიპლომატებმა ქვეყანა 2021 წლის აგვისტოში დატოვეს. ეს ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, გაზრდის იმ მტკიცების დამაჯერებლობას, რომ ამერიკას კვლავ შეუძლია გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რომლებიც შესაძლოა ავღანეთიდან არსებობდეს. ამერიკის ავღანეთში შესვლის მთავარი მიზანი 2001 წელს, სწორედ ტერორიზმთან ბრძოლა იყო.
ზავაჰირის მკვლელობის ცნობები ასევე ზრდის ეჭვებს იმის შესახებ, რომ მას თალიბანი მფარველობდა. თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თალიბანის ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ ქალაქში მისი ყოფნის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი შეერთებულ შტატებს დაჰპირდა, რომ ალ-ყაიდას მებრძოლები ქვეყანაში გაძლიერებას და ფეხის მოკიდებას ვეღარ შეძლებდნენ.
"თალიბანს მოუწევს პასუხი გასცეს ალ-ზავაჰირის ქაბულში ყოფნის შესახებ კითხვებს. ეს მას შემდეგ, რაც ისინი მსოფლიოს არწმუნებდნენ, რომ არ მისცემდნენ უსაფრთხო თავშესაფარს ალ-ყაედას ტერორისტებს", - ამბობს ადამ შიფი, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კი განმარტავს, რომ თალიბანმა "უხეშად დაარღვია დოჰაში მიღწეული შეთანხმება სწორედ ზავაჰირისთვის თავშესაფრის მიცემით.
თეთრი სახლის ძალისხმევა შეაქო ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც, რომელმაც წლების წინ ალ-ყაიდას ყოფილი ლიდერის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. "ტერორიზმის აღმოფხვრა ავღანეთში ომის გარეშეც შესაძლებელია. იმედი მაქვს ეს მცირეოდენ სიმშვიდეს მაინც მიანიჭებს 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ოჯახებს და ყველას, ვინც ალ-ყაიდას მიზეზით დაიტანჯა", - დაწერა მან "ტვიტერზე".
ალ-ზავაჰირის ლიკვიდაციას ეხმაურებიან რესპუბლიკელი კანონმდებლებიც. სენატორი მარკო რუბიო ამბობს, რომ "მსოფლიო მის გარეშე უფრო უსაფრთხო ადგილია და ეს იერიში ადასტურებს ჩვენს განგრძობით ძალისხმევას იმისათვის, რომ ვიპოვოთ 11 სექტემბრის ტერაქტებზე პასუხისმგებელი ყველა ტერორისტი, ვინც კვლავ საფრთხეა ამერიკის ინტერესებისთვის", - განაცხადა რუბიომ.
სხვა ლიდერებთან ერთად, ზავაჰირი სავარაუდოდ პასუხისმგებელი იყო 2000 წელს ოქტომბერში იემენში მომხდარ თავდასხმაზეც, რომელმაც 17 ამერიკელი მეზღვაურის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამერიკული მხარე მას 1998 წლის 7 აგვისტოს კენიასა და ტანზანიაში ამერიკის საელჩოებზე მომხდარ თავდასხმებშიც ადანაშაულებდა. ამ თავდასხმებს 224 ადამიანი ემსხვერპლა, 5000-ზე მეტი კი დაშავდა.