ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში შიდა ტერორიზმის საქმეების რიცხვი მკვეთრად იზრდება


სამშაბათს, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების და სამართალდამცავი სააგენტოების ოფიციალურმა პირებმა კანონმდებლებს ჩვენებები მისცეს და კიდევ ერთხელ გაიმეორეს ამ წლის დასაწყისში გაჯღერებული გაფრთხილებები, რომ შეერთებული შტატებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნის შიგნითვეა. თეთრი რასის უპირატესობის იდეოლოგია და პირადი უკმაყოფილება, ე.წ მარტოსული სუბიექტების მზარდ რიცხვს მოქმედების მოტივაციას აძლევს. სააგენტოების ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ებრძვიან “მნიშვნელოვნად გაზრდილ” საფრთხეს შიდა ტერორისტების მხრიდან, რომლებიც რასობრივი შუღლის და ანტისამთავრობო იდეოლოგიით არიან მოტივირებული.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ქრისტოფერ ვრეიმ სენატის კომიტეტს უთხრა, რომ ბოლო 16-18 თვეში, შიდა ტერორიზმის საქმეების რაოდენობა 1000-დან, დაახლოებით 2700-მდე გაიზარდა.

უცხოური ტერორისტული ჯგუფების მხრიდან საფრთხეები ერთგვარად შემცირდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კონტრტერორისტულმა წნეხმა ალ-ყაიდას ქსელი დააკნინა, ამ ჯგუფს და მის მოკავშირეებს კიდევ აქვთ განზრახვა, თავდასხმების მოსაწყობად გამოიყენონ ცალკეული პირები, რომლებსაც შეერთებულ შტატებში შესვლა შეუძლიათ.

ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ქრისტინ აბიზეიდმა გაფრთხილება გამოთქვა ირანის და მისი კლიენტის, ჰეზბოლას მცდელობების შესახებაც, რომლებსაც ამერიკაზე თავდასხმა სურთ.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა თქვა, რომ ირანზე მეტ და ზოგადად შეერთებული შატებისთვის ყველაზე მძიმე საფრთხეს ჩინეთი წარმოადგენს. ბიურო იძულებულია, საშუალოდ ყოველ 12 საათში, ჩინეთთან დაკავშირებული კონტრდაზვერვის ახალი გამოძიება დაიწყოს.

ჩინეთს ასევე ბრალი დასდეს იმაში, რომ პირადი დაცვის და სამედიცინო მასალების ყალბი ნაწარმის დასაზადებლად კორონავირუსის პანდემიის გამოყენებას ცდილობს.

“ჩინეთი აგრძელებს ინტელექტუალური საკუთრების მოპარვას, მომარაგების მოწყვლადი ჯაჭვის ექსპლუატაციას და ეკონომიკურ იძულებას, რათა ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებას დაემუქროს”, თქვა შიდა უსაფრთხოების მდივანმა ალეჰანდრო მაიორკასმა.

საფრთხეების ჩამონათვალში იყო გამოსასყიდის მისაღები პროგრამებით კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმები, რომელთაგან ბევრი რუსეთს უკავშირდება. მაიორკასმა თქვა, რომ გასულ წელს თავდასხმებით დაზარალებულებმა, გამოსასყიდის სახით, სავარაუდოდ 350 მილიონი დოლარი გადაიხადეს, რაც წინა წელთან შედარებით 311 პროცენტიანი ზრდა იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG