ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა თურქეთის ელჩს იძახებს


უკრაინა გამოიძახებს თურქეთის ელჩს, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელიც ეჭვმიტანილია მოპარული უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვაში, თურქეთის პორტიდან გავიდა.

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეფერხება, ომის ფონზე, მსოფლიოში ფასების ზრდის და შიმშილის საფრთხეს ქმნის. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიუღებელია გემის მიერ თურქული პორტის დატოვება. გემი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთის პორტ ყარასუდან ოთხშაბათს გვიან გავიდა.

„ჩვენ ვწუხვართ, რომ რუსული გემი „ჯიბეკ ჟოლი“, რომელიც სავსე იყო მოპარული უკრაინული მარცვლეულით, პორტ ყარასუდან გავიდა, მიუხედავად თურქეთის ხელისუფლებითვის წარდგენილი სამხილებისა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

კვირას თურქეთში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ გემი დააკავა. „როიტერის“ ინფორმაციით, ანკარას გემის დაკავება კიევმა სთხოვა. მაგრამ ოთხშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემი დაკავებული იყო.

რუსულმა სამთავრობო სააგენტომ „TASS” გემის ეკიპაჟზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ეკიპაჟი გეგმავდა შესანახ საცავში მარცვლეულის გადატანას მას შემდეგ, რაც ის თურქეთის პორტს დატოვებდა. გემების გადაადგილების მაჩვენებელი საიტის მიხედვით, გემის მიმართულებაა რუსული პორტი „კავკაზია“ და ის იქ პარასკევს ჩააღწევს.

კიევი მოსკოვს ბრალს დებს, რომ ის უკრაინულ მარცვლეულს იპარავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან. უკრაინას მისი პორტებიდან საქონლის ექსპორტი უჭირს , რადგან მათი უმრავლესობა დაბლოკილია ან ოკუპაციის ქვეშაა. ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ექსპორტის მეხუთედს, სწორედ მარცვლეული შეადგენს.

თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, ცდილობს ითამაშოს როლი გაეროში, შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის გატარების საკითხზე და ამისთვის საზღვაო დერეფნის შექმნაზე. 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ანკარა ბლოკავს კომერციულ გადაზიდვებს ყირიმსა და თურქეთს შორის.

XS
SM
MD
LG