საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრწყინვალე და დაუვიწყარი საღამო აჩუქა კალათბურთის მოყვარულებს. ქართველებმა, მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის, G ჯგუფის, ბოლო მატჩში, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს 82:76.
ეს იყო პირველი მატჩი ახალ სპორტის სასახლეში, რომელიც ევრობასკეტისთვის რამდენიმე წელი შენდებოდა და როგორც იქნა დასრულდა. 8500 გულშემატკივარმა „თბილისი არენაზე“, ნამდვილი თრილერი იხილა.
როგორც ქართველებს, ისე ესპანელებს აკლდათ NBA-ს მოთამაშეები: „ინდიანა პეისერსის“ ცენტრი გოგა ბითაძე, ტრავმის გამო სათადარიგოებში იჯდა. ხოლო, სანდრო მამუკელაშვილი „მილუოქი ბაქსმა“ საზაფხულო ლიგისთვის დაიტოვა.
ამ ფონზე, ლიდერობა ისევ „ძველმა გვარდიამ“, თორნიკე შენგელიამ, გიორგი შერმადინმა და თად მაკფადენმა ითავეს, თუმცა, მათ არც ახალგაზრდები ჩამორჩნენ - მატჩის გმირი, 21 წლის რატი ანდრონიკაშვილი გახდა, რომელიც აშშ-ს სტუდენტური ლიგის - ომაჰას „კრეიტონის“ ღირსებას იცავს.
"ასეთ გუნდთან მხოლოდ ასე თუ გაიმარჯვებ, თითოეული მოთამაშის 100%-ით დახარჯვით"რატი ანდრონიკაშვილი, საქართველოს ნაკრებისა და NCAA-ს "კრეიტონის" კალათბურთელი
“თითოეული კალათბურთელის გარეშე, ვინც დღეს ითამაშა, არ გამოვიდოდა ეს მოგება. ასეთ გუნდთან მხოლოდ ასე თუ გაიმარჯვებ, თითოეული მოთამაშის 100%-ით დახარჯვით.
გულშემატკივარმაც დიდი წვლილი შეიტანა, დიდი დარბაზია, მაგრამ ყველა ჩაგდებულ ბურთზე იგრძნობოდა ემოცია. კარგად დამამახსოვრდება ამ დარბაზში პირველი თამაში" - აღნიშნა რატი ანდრონიკაშვილმა.
მსოფლიო ჩემპიონებთან მატჩი ქართველებისთვის, როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან რთული გამოდგა. პირველი მეოთხედის დასაწყისში, ტიტულოვანი სტუმრები 9 ქულით გავიდნენ წინ, ჩვენებმა შეძლეს სხვაობის აღმოფხვა და საბოლოოდ, მეოთხედი 15:14 მოვიგეთ.
მეორე მეოთხედში, ქართველთა ბერძენმა დამრიგებელმა ილიას ზუროსმა სათადარიგოებს მეტი დრო მისცა, ამ როტაციამ გაამართლა და პირველი ტაიმის მიწურულს, საქართველო უკვე 6 ქულით, 37:31 დაწინაურდა.
მსოფლიო ჩემპიოენები მთელი ძალით მესამე მეოთხედში ამუშავდნენ, ქართველთა დაცვა ჩავარდა, ამას ზედ დაერთო უდისციპლინო თამაში და სტუმრებმა 2:12 გაქცევა შეძლეს, მეოთხედი კი 3 ქულით 47:44 მოგვიგეს.
ნამდვილი თრილერი შედგა მეოთხე დასკვნით მეოთხედში. ესპანელები იტალიელი მწვრთნელის სერჯო სკარიოლოს წინამძღოლობით, უკვე შვიდი ქულით დაწინაურდნენ. ნიშანდობლივია, რომ სკარიოლო ბოლონიის „ვირტუსში“ თორნიკე შენგელიას მწვრთნელია.
მატჩის დასრულებამდე, 2 წუთით და 2 წამით ადრე სწორედ შენგელიამ დააწინაურა საქართველო 65:64, 33 წამით ადრე კი ანდრონიკაშვილმა ესპანელ გამთამაშებელს ბურთი მოპარა და ანგარიში 67:64 გახადა. ესპანელები ძირითად დროში წაგებას მალაგას „უნიკახას“ მსროლელმა დარიო ბრიზუელამ გადაარჩინა. მან 19 წამით ადრე, ურთულესი სამიანი ჩაგვიგდო. ოვერტაიმზე, მეტოქეები 67:67-ით გავიდნენ.
დამატებითი ხუთი წუთის გმირი, ნამდვილად რატი ანდრონიკაშვილი იყო, მან კიდევ ერთი სასწაული ჩაჭრა/ჩატენვა შემოგვთავაზა, რასაც ზუსტი სამიანიც მოაყოლა. საკონტროლო გასროლა კი მსოფლიო ჩემპიონებს თად მაკფადენმა შეუსრულა, ჯერ სამიანი ჩაუგდო, შემდეგ კი ორი საჯარიმო სროლაც.
ახალი დარბაზი დაინგრა, საქართველომ ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს პირველად მოუგო. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი, ხაენში, ესპანეთმა უპრობლემოდ 28 ქულის სხვაობით, 89:61 მოგვიგო.
პირველი შესარჩევი ეტაპის G ჯგუფში საქართველომ ასევე დაამარცხა მაკედონია 91:70 და 79:65, თბილისში, 88:83 მოუგო, რიგაში კი 66:79 წააგო უკრაინასთან.
"გულშემატკივრებისგან უდიდესი მუხტი მივიღეთ. ამაყი ვარ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ"ილიას ზუროსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც აქ მოვიდნენ, ახალ დარბაზში პირველ თამაშზე და საოცარი ატმოსფერო გვაჩუქეს. მათგან უდიდესი მუხტი მივიღეთ.
ამაყი ვარ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინასთან მარცხზე რეაქცია. დავინახე, რომ გუნდს ერთად ბრძოლა შეუძლია“ - განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.
საქართველომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფი, 4 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა და აშკარად გამოიკეთა ხასიათი, ბოლოსწინა ტურში, რიგაში, უკრაინასთან მძიმე მარცხის გამო. საქართველოსთან ერთად მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდნენ ესპანეთიც და უკრაინაც, ისინი ჯგუფის ბოლო მატჩს 7 ივლისს რიგაში ითამაშებენ.
საქართველოს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის L ჯგუფში, სადაც იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები ელოდება, ორი გამარჯვება გადაჰყვა. ეს კი საბოლოო მიზნის მისაღწევად ანუ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, უაღრესად მნიშვნელოვანი ფორაა. მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩები L ჯგუფში, აგვისტოს ბოლოს დაიწყება.
სექტემბერში კი საქართველოს დედაქალაქს დიდი კალათბურთი კიდევ ეწვევა. თბილისი, მილანთან, პრაღასთან და კიოლნთან ერთად, ევრობასკეტს უმასპინძლებს. „თბილისი არენაზე“ A ჯგუფში, საქართველოს მეტოქეები - ესპანეთი, თურქეთი, ბელგია, მონტენეგრო და ბულგარეთი არიან.