20 ივნისის, თბილისში გამართული მრავალათასიან აქციას “შინ ევროპისკენ”, საქართველოში ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურება და განაცხადა, ეს იყო “პრო-ევროპული არჩევანის ღირსეული და მშვიდობიანი გამოხატვა”.
მშვიდობიანი აქცია, 20 ივნისს 20 საათზე დაიწყო, პარლამენტის შენობასთან და გვიან ღამით ევროპის მოედანზე დასრულდა.
„მე გუშინ ვნახე დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი გამოხატვა საქართველოს პრო-ევროპული არჩევანისა,"- თქვა აქციის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ელჩმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ახლა "მტკიცე ნაბიჯები" აქვს გადასადგმელი, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციაში დაეხმარება.
"საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის მომავალი წევრი. გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ [ევროპული საბჭოს] პრეზიდენტ [შარლ] მიშელს, რომელსაც ამ ქვეყანაში კარგად იცნობენ. ის ასევე ხაზს უსვამდა, რომ სწორედ ახლაა დრო იმის აღსანიშნავად, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს ძლიერი გზავნილებია. ამავე დროს, როგორც ვიცით, მოსაზრება საქართველოსთან დაკავშირებით ნაკლებად სახარბიელო იყო, ვიდრე მოსაზრებები უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით. ეს ხაზს უსვამს საჭიროებას, რომ ახლა უნდა გადაიდგას მტკიცე ნაბიჯები წინ, ამ მისწრაფებების საჩვენებლად. ამისთვის ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალი ევროკომისიისგან, რომელშიც ნათქვამია, თუ რა მოთხოვნები არსებობს საქართველოს მიმართ წინ წასაწევად,"- თქვა ჰარცელმა.
აქცია მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ იყო ორგანიზებული და მასში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა სცენა პოლიტიკოსებს არ დაეთმოთ. შეკრების ბოლოს კი ორგანიზაციამ აქციის მონაწილეებს მანიფესტი გააცნო, სადაც მთავარი აქცენტი "ოლიგარქიული მმართველობის" დასრულებაზე იყო გამახვილებული.
მანიფესტის მიხედვით "ევროკავშირის გზაზე ერთი მთავარი პრობლემა” ბიძინა ივანიშვილია. მანიფესტში ასევე ითქვა, რომ დაფუძნდა სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, პოლიტიკოსებს, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს გააერთიანებს.
აქციას თბილისში თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. აქციაზე არ იმყოფებოდა, გიორგი გახარიას პარტია და მმართველი გუნდის წარმომადგებლები. აქციას არ დასწრებია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც აქციის დაწყებამდე საგანგებო განცხადება გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ აქცია "მშვიდობიანი" იქნებოდა.
20 ივნისის დემონსტრაციას გამოეხმაურენ მმართველობა პარტიის წარმომადგენლები. საპროტესტო გამოსვლის შეფასებისას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ყურადღება აქცია ორგანიზატორებზე გაამახვილა და თქვა, რომ აქცია “ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილი იყო.
"ვისი ორგანიზებული იყო [აქცია], აქ დაისვა კიდევ ერთხელ კითხვა. რა თქმა უნდა, ეს იყო "ნაცმოძრაობის", „სირცხვილიას“ და მისი ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული და ეს იყო ბაკურიანის გეგმის შემადგენელი ნაწილი. ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და დაისახეს მისი განხორციელება, თუმცა ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.
კობახიძემ დაამატა, რომ აქციის მონაწილეები, პოლიტიკურ გზავნილებს "არ აჟღერებდნენ რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც ბაკურიანის გეგმა გაახმოვანეს".
მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების შეფასებებითაც 20 ივნისის აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული.
აქციის გზავნის გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია. მისი თქმით აქციამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი “არ დაღლილა”.
"ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად, არც თაობათა შორის თუ პოლიტიკურ შეხედულებებს შორისაა ხელშესახები გაუცხოება, უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული, და ეს არის ქართული დემოკრატიის სისუსტე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებასთან ერთად,"- წერს ლომჯარია.
20 ივნისის აქციის ორგანიზატორები საპროტესტო გამოსვლებს მომდევნო დღეებშიც გეგმავენ, პირველი აქცია 24 ივნისს კვლავ პარლამენტის შენობასთან გაიმართება.
Facebook Forum