ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შერყეული ვექტორი?


ევროკავშირის დროშა თბილისში, თავისუფლების მოედანზე
ევროკავშირის დროშა თბილისში, თავისუფლების მოედანზე

წინადადება „საქართველო ევროატლანტიკური კურსის ერთგული რჩება“, რომელიც აქამდე მტკიცებითი ფორმით ითქმოდა, ახლა შეგვიძლია კითხვის ნიშნით დავასრულოთ. ამის საფუძველს ის განცხადებები იძლევა, რასაც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აკეთებენ. ამას ემატება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა, რომელშიც მან თქვა, რომ მმართველი გუნდის წარმომადენლების განცხადებების შემდეგ, აღარ შეუძლია დაიცვას საქართველოს კანდიდატურა ევროკავშირის წევრობაზე.

„ჩამოვედი იმისთვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ძალისხმევა არ დამეშურებინა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას ისეთი კომენტარები მოჰყვა სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა დღეს ჩვენი კანდიდატურა“- განაცხადა ბრუსელში მყოფმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მან თქვა იმის შესახებაც, რომ მმართველი გუნდი უფლებას არ აძლევს, უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს საქართველოს სასარგებლოდ ევოკავშირის წევრობის გზაზე. „მინდოდა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში ჩასვლა და შესაძლებელია კიდევ უკრაინაში, რომელთან ერთად ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ. რომ არა ის, არ იქნებოდა ეს კანდიდატურის დაჩქარებული პროცესი, მაგრამ კიდევ ერთი უარი მივიღე ამ მოგზაურობაზე. მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა, ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ბრუსელიდან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:32 0:00

ის აზრი, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საქმეში ზედმეტი აქტიურობისგან მმართველი გუნდი თავს იკავებს\\, გაამყარა „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებამაც. მან 10 ივნისს ერთგვარი „დილემა“ წამოჭრა და ერთმანეთის პირისპირ დააყენა ორი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ღირებულება. მისი თქმით, საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს ევროკავშირის წევრობასა და სამართლიანობას შორის და აქედან ერთ-ერთის მიღებას უნდა დათანხმდეს.

დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა. ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს. პირიქით, გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია. დღევანდელმა გლობალურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ეს თავად ევროპის პერსპექტივაც არის. რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას". ეს წერილობითი განცხადება "ინტერპრესნიუსს" თავად დეპუტატმა მიაწოდა.

დიმიტრი ხუნდაძეს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთხელ უკვე აქვს მიღებული „ამბოხებული დეპუტატის“ ერთგვარი „წოდება“. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. 2019 წელს, ნოემბერში ამ კანონპროექტის მიღება არჩევნების ჩატარების წესს მნიშვნელოვნად ცვლიდა. ამ ცვლილების შესახებ დაპირება ბიძინა ივანიშვნილმა ღიად დადო. მიუხედავად ამისა, კანონპროექტი პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძისა და მასთან, რამდენიმე დეპუტატის წინააღმდეგობის გამო, ვერ მიიღეს.

ამჯერად დიმიტრი ხუნდაძე ევროკავშირის წევრობის შესაძლო კანდიდატობის წინააღმდეგ გამოდის ამბოხებული.

მკვეთრი და მკაცრი იყო სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას რეაქცია „ოცნების“ დეპუტატის განცხადებაზე. სოციალურ ქსელში მან დაწერა: „რაო??? რას ბედავთ თქვენ??!! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ???

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება გააკრიტიკეს და მას ქვეყნისთვის დამაზიანებელი უწოდეს, მეორეს მხრივ კი ხუნდაძის განცხადებას გამართლება მოუძებნეს. მაგალითად, ანრი ოხანაშვილმა, ამბოხებული დეპუტატის დასაცავად თქვა, რომ „არავის არ აქვს უფლება ჩვენ ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ ისაა, რომ არსებობდეს სამართლიანი თამაშის წესები.“

იგივე ანრი ოხანაშვილი მკაცრი იყო პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას. მან განაცხადა, რომ „სახელმწიფო მიდგომა არაა, როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ქვეყნის ევროინტეგრაციის ზღვარი“.

ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილის განცხადებას დასძინა, რომ პრეზიდენტმა საკუთარი როლიდან გადაუხვია და თავს დაესხა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რაც სერიოზული პრობლემაა.

ოპოზიციას პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, გაუჩნდა მოლოდინი მესამე პრეზიდენტისა და პატიმრობაში მყოფი ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სააკაშვილი და გვარამია დღევანდელ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად ახსენა. პრეზიდენტის თქმით, მათ „არ უნდა გადავყვეთ“, რადგან არავინ არ ღირს საქართველოს მომავლის ფასად. მოგვიანებით, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, „არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!

საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა განაცხადა, რომ ღრმა შეშფოთების გზავნილი ჩამოიტანა ვაშინგტონიდან საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ.

დასავლელი ლიდერების მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის იმის შესახებ, რომ უკრაინა და მოლდოვა დაწინაურებულები არიან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა 10 ივნისს დაასახელა მისეული პირობა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების შესახებ. მისი თქმით, ეს სტატუსი რამდენიმე ქვეყანამაც უნდა გაიზიაროს. მათ შორის არიან ბალკანეთის ქვეყნები და მოლდოვა. საქართველო ამ ჩამონათვალში არ ყოფილა.

საქართველოს კონსტიტუციაში 2017 და 2018 წელს შესული ცვლილებების თანახმად, მეთერთმეტე თავის 78-ე მუხლში ჩაიწერა, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

XS
SM
MD
LG