ამერიკელი კანონმდებლები და მთავრობის წევრები პატივს მიაგებენ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის ხსოვნას. შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტის ცხედარი სამშაბათს, 7 იანვარს კონგრესის შენობაში გადაასვენეს.
"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა იმ ადამიანის ცხოვრება ვიზეიმოთ, რომლის საქმიანობაც მომავალ თაობებს ეხმიანება“, - უთხრა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კაპიტოლიუმში შეკრებილ სტუმრებს და კარტერის ოჯახის წევრებს.
"მართლაც შესანიშნავია პრეზიდენტ კარტერის ცხოვრება, მისი თავდაუზოგავი სამსახური, მისი ბრძოლა კიბოს წინააღმდეგ და გრძელვადიანი წვლილი თანამემამულეთა ცხოვრებაში", - თქვა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა. მისი თქმით, „პრეზიდენტი კარტერი მზად იყო, ხელები თავად დაეკაპიწებინა, რათა ემსახურა და საქმე ბოლომდე მიეყვანა“.
სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა აღნიშნა, რომ კარტერი იყო "ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, ვისაც როდესმე პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. ის იყო ჯენტლმენი ამ სიტყვის ყველა გაგებით: კეთილი, ღირსეული, ინტელექტუალური, თავმდაბალი, ღრმად პატრიოტული. ეს არის ის ღირსებები, რაც მან თან მოიტანა ოვალურ კაბინეტში, იმ ეპოქაში, როდესაც მე-20 საუკუნის ამ ნაწილში მთავრობისადმი ნდობა დაბალ დონეზე იყო".
კონგრესში კარტერის ცხედარი ორი დღით, დაკრძალვის წინ დაასვენეს, რათა დედაქალაქში მყოფ ამერიკელებს მასთან დამშვიდობების საშუალება მიეცეთ. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ყველა სახელმწიფო შენობაზე დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა. მან 9 იანვარი ასევე გლოვის დღედ და ფედერალურ უქმედ გამოაცხადა.