სააგენტო „როიტერის“ ცნობით, უკრაინამ განაცხადა, რომ პარასკევს, მისმა ძალებმა შავ ზღვაში ორი „ჰარპუნის“ რაკეტით რუსულ სამხედრო ბუქსირს ესროლა. ეს პირველად ხდება, როდესაც უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს დასავლეთის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო იარაღით დაარტყა.
უკრაინის სამხედრო ფლოტმა განაცხადა, რომ ბუქსირს, რომელიც ოდესის რეგიონის გუბერნატორმა დაასახელა როგორც „ვასილი ბეხი“, რუსების მიერ ოკუპირებულ კუნძულზე ჯარისკაცები, იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰყავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარის გაკეთების შესახებ წერილობით გადაცემულ თხოვნაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.
უკრაინის სამხედრო უწყებამ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ ორი რაკეტა „ჰარპუნი“ ხომალდს ხვდებოდა. „როიტერმა“ ვიდეოს დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
„ჰარპუნის“ რაკეტები შედის უცხოური იარაღის იმ ფართო სპექტრში, რომელიც დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს. ეს რაკეტები უკრაინას დანიამ მიაწოდა.
რაკეტა „ჰარპუნი“ სამიზნესთან მისასვლელად აქტიურ რადარს იყენებს და დაცვის სისტემების გვერდის ასავლელად, წყლის ზედაპირთან ახლოს მიფრინავს. ამ რაკეტის გაშვება ხომალდებიდან, წყალქვეშა ნავებიდან, თვითმფრინავებიდან ან სანაპირო ბატარეებიდან შეიძლება.