ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: პუტინი მზად არის უკრაინიდან მარცვლეულის შეუფერხებელ ექსპორტს ხელი შეუწყოს


თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლის ინფორმაციით, ორშაბათს პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ რუსეთი, თურქეთთან კოორდინაციით, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის ხელშეწყობისთვის მზად იყო.

რუსეთის ომმა უკრაინაში და დაწესებულმა სანქციებმა, მსოფლიოში მარცვლეულის, საკვები ზეთის, სასუქების და ენერგომატარებლების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. მოსკოვის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადა კი კიევს არ აძლევს საშუალებას გაიტანოს საკუთარი ხორბალი და სხვა პროდუქტები ექსპორტზე.

გაერო, რომელიც ამბობს, რომ გლობალური სასურსათო კრიზისი ღრმავდება, ცდილობს შუამავლობა გასწიოს შეთანხმების მისაღწევად, რომელიც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადას მოხსნის.

დასავლეთის ლიდერები რუსეთს ბრალს სდებენ, რომ პორტების ბლოკადით, ის ხელოვნურად ქმნის კრიზისს, რაც შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკასი, ბევრ ადამიანს.

„უკრაინაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას, ყურადღება შავ და აზოვის ზღვებში უსაფრთხო ნავიგაციაზე და იმ წყლებში ნაღმების საფრთხის აღმოფხვრაზე გამახვილდა“, განაცხადა კრემლმა.

„ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა რუსეთის მხარის მზადყოფნა, თურქ პარტნიორებთან კოორდინაციით, ხელი შეუწყოს საქონლის შეუფერხებელ საზღვაო ტრანზიტს. ეს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტსაც ეხება.“

კრემლის თანახმად, პუტინმა დაამატა, რომ თუ სანქციები მოიხსნება, რუსეთს შეეძლება „სასუქების და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მნიშვნელოვანი მოცულობის ექსპორტი მოახდინოს“.

ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის, თუ პუტინი უკრაინის რომელ პორტებზე საუბრობდა. უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის მთავარ პორტებში შედის ჩორნომორსკი, მიკოლაივი, ოდესა, ხერსონი და იუჟნი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი სამშვიდობო ძალისხმევის მხარდასაჭერად მზადაა.

XS
SM
MD
LG