ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სულელური ომი“ და "გიჟი" - ნავალნი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე საუბრობს


პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი რუსეთის ომს უკრაინაში „სულელურ ომად“ მოიხსენიებს და პრეზიდენტ პუტინს "განწირულ გიჟს" უწოდებს. ნავალნი ამბობს, რომ მიმდინარე ომს უკრაინისა და რუსეთის უდანაშაულო მოქალაქეები ეწირებიაან.

საკუთარ სასამართლო სხდომაზე ნავალნიმ თქვა, რომ რუსეთის დღევანდელი სახელმწიფო კრიმინალების მიერ იმართება და ქვეყნის ლიდერები ისტორიას ანადგურებენ, რის გამოც ისინი ჯოჯოხეთში დაიწვებიან. „ეს არის სულელური ომი, რომელიც თქვენმა პუტინმა დაიწყო,“- თქვა ნავალნიმ მოსკოვში სააპელაციო სასამართლოში გამოსვლის დროს და დაამატა, რომ მიმდინარე ომი „ტყუილზეა დაფუძნებული“

„ერთ გიჟ კაცსს კლანჭები აქვს უკრაინაში და მე არ ვიცი რა უნდა მას ამით ქნას, ის არის გიჟი ქურდი,“- ამბობს ნავალნი.

რუსი ოპოზიციონერი სასამართლოს ვიდეოზარის მეშვეობით, ციხიდან მიმართავდა, განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, ნავალნის მოსამართლემ სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა. რუსეთში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ომად მოხსენიება აკრძალულია.

სხდომაზე დღეს განიხილავდნენ ნავალნის საჩივარს, მარტში მის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ნავალნის დამატებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლომ ნავალნის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სხდომაზე ნავალნიმ დრო საზოგადოებისადმი მიმართვას დაუთმო და უკრაინაში რუსეთის ომზე ისაუბრა.

„რისი მიღწევა გსურთ? მოკლევადიანი კონტროლი და მომავალ თაობებთან ბრძოლა?" - თქვა ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე. "თქვენ ყველანი ისტორიულად დამარცხდებით... თქვენი დრო გავა,“- დაამატა მან.

რუსმა ოპოზიციონერმა, რომელიც 2021 წელს დააკავეს და მას შემდეგ ციხეში იმყოფება თქვა, რომ პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წარდგენილი ფაქტები „ტყუილია".

ნავალნი 2021 წლის იანვარში გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისას დააკავეს. მას სასამართლომ მალევე 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის პირობითი სასჯელის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც მას ქვეყნის დატოვების უფლებას უზღუდავდა.

ნავალნი 2020 წლის აგვისტოში, რუსეთიდან გერმანიაში, უგონო მდგომარეობაში თვითმფრინავით გადაიყვანეს, რადგან როგორც შემდეგ გაირკვა ის რუსული ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.

კრემლი ამ დრომდე უარყოფს ბრალდებებს, რომ რაიმე კავშირი აქვთ ნავალნის მოწამვლის საქმესთან. ნავალნის მოწამვლისთვის დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG