23 მაისს გაერომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის გამო, პირველად ისტორიაში, მსოფლიოს მასშტაბით იძულებით ადგილნაცვალ პირთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა.
გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია: „ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც იძულებული იყვნენ გაქცეოდნენ კონფლიქტს, ძალადობას, ადამიანის უფლებების დარღვევებს და დევნას, ახლა, ცნობილ ისტორიაში პირველად, თავზარდამცემი 100 მილიონიანი ნიშნული გადაკვეთა. ეს უკრაინაში ომმა და სხვა სისხლიანმა კონფლიქტებმა მოახდინა.“
ამ რიცხვში გაერთიანებულია ლტოლვილები, თავშესაფრის მაძიებლები და ასევე 50 მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში არიან ადგილნაცვალი.
გაეროს სააგენტომ თქვა, რომ იძულებით ადგილნაცვალ პირთა „საგანგაშო“ რიცხვი, 2021 წლის ბოლოსთვის 90 მილიონამდე გაიზარდა. ეს, ეთიოპიაში, ბურკინა ფასოში, ბირმაში, ნიგერიაში, ავღანეთში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ძალადობით იყო გამოწვეული.
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის შიგნით საკუთარ სახლს 8 მილიონი ადამიანი მოსწყდა, 6 მილიონი ლტოლვილი კი საზღვარგარეთ გაიქცა.
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ თქვა: „100 მილიონი თავზარდამცემი რიცხვია - ერთდროულად გამომაფხიზლებელი და საგანგაშო. ეს ისეთი რეკორდია, რომელიც არასდროს უნდა დამყარებულიყო... ეს გამომაღვიძებელ მოწოდებად უნდა იქცეს, რათა დამანგრეველი კონფლიქტები გადაიჭრას და თავიდან იქნას აცილებული, პასუხი გაეცეს იმ ძირეულ მიზეზებს, რაც უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი სახლებიდან გაქცევას აიძულებს.“
გაეროს კომისარმა თქვა, რომ ეს რიცხვი მსოფლიოს მოსახლეობის 1 პროცენტზე მეტს წარმოადგენს.