გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაზარდონ იმ ადამიანების მხარდაჭერა და გაუღონ კარი მათ, ვინც საკუთარი ქვეყნიდან კონფლიქტს, დევნას და ძალადობას გაექცა. გაეროს ორდღიან ფორუმს ესწრებიან მთავრობის მაღალჩინოსნები, საერთაშორისო დახმარების ორგანიზაციები და თავად ლტოლვილები.
ღონისძიება ლტოლვილების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის მიმართვით გაიხსნა. "საუკუნეების მანძილზე დევნილების გამოცდილებამ და ლტოლვილობის პერიოდში დამკვიდრებულმა ტრადიციებმა, ნაწილობრივ ჩვენი საერთო მემკვიდრეობა ჩამოაყალიბა" თქვა ფილიპო გრანდიმ გამხსნელ ვიდეო-მიმართვაში.
გრანდის თქმით, სახელმწიფოები ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხებს ძირითადად უკეთ ართმევენ თავს. ქვეყნები უზრუნველყოფენ დევნილების უსაფრთხოებას და აძლევენ მათ ახალი ცხოვრების დაწყების შანსს, ზრდიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, რთავენ მათ კოვიდ-19-ის თუ ჯანდაცვის სხვა დახმარების პროგრამებში.
თუმცა, ეს საკმარისი არ არის და დახმარება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს - ამბობს ლტოლვილების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი. ამასთან, ბევრია ისეთი ქვეყანა, რომელიც მათ ზურგს აქცევს და უსაფრთხოების დაცვაზე უარს ეუბნება.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემებით, მსოფლიოში სულ ცოტა, 83.4 მილიონი იძულებით გადაადგილებულია. აქედან 26.4 მილიონი ლტოლვილია. განვითარებადი ქვეყნები ლტოლვილთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტს შეადგენენ.
Facebook Forum