კოვიდ-19-ის პანდემია "ნამდვილად არ დასრულებულა" - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა კვირას გამართულ საერთშორისო ფორუმზე. გუშინ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სიტყვით მიმართა ჯანდაცვის რიგით 75-ე მსოფლიო ასამბლეას.
ჯანმოს გაფრთხილება გაისმა იმ ფონზე, როცა ქვეყნების ნაწილში კოვიდ-19-ის რეგულაციები მცირდება ან საერთოდ უქმდება. ეს კი იმის მიუხედავად ხდება, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში ისევ იზრდება.
"შემთხვევების რიცხვი მზარდია ყველა რეგიონის 70-მდე სახელმწიფოში" - აცხადებს გებრეიესუსი. მისი თქმით, "ამ ვირუსმა წინ გაგვისწრო ყველა მოსახვევში. ეს არის შტორმი, რომელიც კვლავდაკვლავ ერთმანეთის მიყოლებით აზარალებს საზოგადოებებს და ჩვენ ისევ უძლურნი ვართ მისი ტრაექტორიის ან ინტენსივობის პროგნოზირების საქმეში".
ცალკეული ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროთა ანგარიშებით, კოვიდ-19-ის გართულებებით დედამიწაზე 6 მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რეალურად მათი რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება და შესაძლოა, 15 მილიონს აღწევდეს.
გებრეიესუსმა ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა მოხდეს კოვიდ-19-ის ერადიკაცია, ანუ მისი სრულად აღმოფხვრა. აუცილებელია, რომ ეფექტიანი ვაქცინებით აიცრას მოსახლეობის სულ ცოტა, 70%. მათ შორის, კოვიდ-19-ზე აცრილი უნდა იყოს 60 წლის ზევით მყოფი ადამიანების, ჯანდაცვის მუშაკების და მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა 100%. "პანდემია ჯადოსნურად არ გაქრება" - ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი, "თუმცა ჩვენ შეგვიძლია მისი დასრულება... მეცნიერებამ ეს უპირატესობა მოგვანიჭა".
"გალოპის" - გლობალური ანალიტიკური კომპანიის - კვლევების მიხედვით, ამერიკელები კოვიდს მთავარ პრობლემად აღარ თვლიან. პანდემიის დაწყების პირველივე თვეებში ჩატარებულ საზოგადოებრივ გამოკითხვებში, ისინი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად პანდემიას ასახელებდნენ. თუმცა, ამ წლის მარტის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ახლა ამერიკელები ნომერ პირველ პრობლემად ამერიკის ეკონომიკას ასახელებენ და იმას, თუ როგორ ართმევს თავს ამ საკითხს შეერთებული შტატების მთავრობა.
Facebook Forum