უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის პარლელურად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია - ნატო - ფართოვდება. ეს ორგანიზაციაში რიგით მეცხრე გაფართოების ეტაპი იქნება.
„ევროპა, შვედეთი და შვედი ხალხი ახალ და საშიშ რეალობაში ცხოვრობენ“, თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა მას შემდეგ, რაც შვედეთმა შეცვალა 73 წლიანი ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, რაც იმას გულისხმობდა, რომ შვედეთი არ გახდებოდა ნატოს წევრი სახელმწიფო. შვედეთსა და ფინეთში ამბობენ, რომ ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის ქმედებებით არის გამოწვეული.
შვედეთი აქვე განმარტავს, რომ ქვეყანას არ სურს მის ტერიტორიაზე განთავსდეს, ნატოს სამხედრო ბაზები ან ბირთვული იარაღი. ორივე ქვეყანა მიმდინარე კვირას ნატოს წევრობის განაცხადს ოფიციალურად შეავსებს და დაიწყება პროცედურები.
უკვე ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატებისა და თავად ორგანიზაციის პოზიცია. ისინი ამბობენ, რომ ორივე ქვეყანა ნატოს წევრები უახლოეს პერიოდში გახდებიან.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ვაშინგტონში მკაფიოდ ამბობენ, რომ უკრაინას შეიარაღებით დაეხმარებიან, თუმცა თუ რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოებს თავს დაესხმება, ამერიკა ყველა თავის რესურსს გამოიყენებს წევრი სახელმწიფოების თითოეული სანტიმეტრის დასაცავად.
შვედეთიც და ფინეთიც რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები არიან და მოსკოვში ბოლო კვირების განამვლობაში არაერთი მუქარისშემცველი განცხადებები გაკეთდა მათი მისამართით.
ნატოს გაფართოების ახალი ეტაპის წინააღმდეგია თურქეთი. ანკარამ ფინეთი და შვედეთი "ტერორისტული ორგანიზაციების" თავშეფრებად მოიხსენია.
თურქეთი ამბობს, რომ სკანდინავიურმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ქურთი მებრძოლების მხარდაჭერა მათ ტერიტორიაზე და გააუქმონ აკრძალვები იარაღზე, რომელიც თურქეთს აქვს დაწესებული. თურქული მედიის ცნობით, შვედეთმა და ფინეთმა ასევე უარყვეს 33 ადამიანის რეპატრიაციის შესახებ ანკარას მოთხოვნა, რომლებიც ანკარას მტკიცებით, კავშირში არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ისინი გეგმავენ ანკარასთან მოლაპარაკებები გამართონ.
„ჩვენ ვგზავნით დიპლომატთა ჯგუფს დისკუსიებისათვის თურქეთში იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს საკითხი“, თქვა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრის დროს.
ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამბობენ, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას თურქეთი ხელს არ შეუშლის და ორგანიზაციში ორივე ქვეყნის მიღება მოხდება.
Facebook Forum