ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი შეტევას განაგრძობს, დასავლეთი კიევს დახმარებას პირდება


მარიუპოლი, უკრაინა
მარიუპოლი, უკრაინა

რუსეთმა ფრონტის ხაზიდან მოშორებით უკრაინის რკინიგზის და საწვავის საწყობებზე იერიში მიიტანა. ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთს ამ დრომდე არ მიუღწევია მნიშვნელოვანი გარღვევისთვის ფრონტის ხაზზე. პარალელურად, დასავლეთ რუსეთში ნავთობის საცავი იწვის. ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი.

უკრაინული მხარის განცხადებით, გასულ უქმეებზე, რუსეთმა განაგრძო შეტევა სტრატეგიულ ქალაქ მარიუპოლზე, სადაც უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში რჩებიან. რუსეთის ძალებმა ქარხანაზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

ქარხნის ტერიტორიაზე, უკრაინის თქმით, 1000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება უკრაინელ სამხედროებთან ერთად. რუსეთი აცხადებს, რომ დღეს ჰუმანიტარულ კორიდორს გახსნის, თუმცა კიევის თქმით, რუსეთის მსგავსი განცხადებების მიუხედავად, კორიდორებმა არ იმუშავა. უკრაინული მხარე, ჰუმანიტარული კორიდორის მონიტორინგს გაეროს სთხოვს.

ორშაბათს რუსეთმა სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები მიიტანა ფრონტის მიღმა სამიზნეებზე, რათა უკრაინული ლოგისტიკას მიწოდების ჯაჭვი გაწყვიტოს. უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელის ოლექსანდრ კამიშინის თქმით, ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში, ხუთ სარკინიგზო პუნქტზე იქნა შეტევა მიტანილი. მათ შორის, ქვეყნის დასავლეთში მდებარე ლვივთან ახლოს.

უკრაინის თქმით, ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას ცენტრალურ ვინიციის რეგიონზე. მოსკოვის განცხადებით, რუსეთმა ასევე გაანადგურა უკრაინის ცენტრში, კრემენჩუკში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო.

პარალელურად, რუსეთში, უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბრიანკსში, ნავთობის დეპო იწვის. რუსეთს ხანძრის მიზეზებზე არ უსაუბრია. დღეს გავრცელებული ცნობებით, ბრიანსკში იწვის ასევე ნავთობის საწყობი. გასულ თვეში, უკრაინულმა ვერტმფრენებმა, რუსეთის ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის საზღვართან, რუსეთის საწვავის საწყობზე მიიტანეს შეტევა, რასაც რუსეთი არ ადასტურებს.

გუშინ, უკრაინას ამერიკის წამყვანი თანამდებობის პირები ესტუმრნენ. კიევში თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდნენ. ვაშინგტონი უკრაინას დამატებით დახმარებას აღუთქვამს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის ვაშინგტონმა დამატებით 165 მილიონი დოლარის შეიარაღების მიყიდვის შესახებ განაცხადა, 300 მილიონის საგარეო სამხედრო დაფინანსებასთან ერთად.

„სტრატეგია რომელიც ჩვენ გვაქვს, მასშტაბური მხარდაჭერაა უკრაინისთვის, მასშტაბური ზეწოლა რუსეთის წინააღდეგ, ამ მცდელობაში ჩართულ 30 ქვეყანასთან სოლიდარობა - რეალურ შედეგებს იძლევა“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს უკრაინიდან პოლონეთში დაბრუნების შემდეგ. “როცა საქმე რუსეთის საომარ გეგმებს ეხება, რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს. უკრაინა წინ მიდის“, - დაამატა მან.

საკუთარ ვიდეო მიმართვაში, ზელენსკიმ შეხვედრას „დამაიმედებელი“ და „ეფექტური“ უწოდა. მან განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ „დამატებით ნაბიჯებზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად და ჩვენი არმიის პრიორიტეტების დასაკმაყოფილებლად".

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ვიზიტი დაემთხვა ომის ორი თვის თავს. უკრაინა დასავლეთისგან მძიმე შეიარაღებას ითხოვს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის განახლებულ საბრძოლო კამპანიას ქვეყნის აღმოსავლეთში. რუსეთის სტრატეგიის ცვლილებასთან ერთად, ამერიკის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ კიევის საჭიროებები იცვლება და ზელენსკი ახლა მეტ ტანკს, არტილერიას და სხვა მძიმე შეიარაღებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG